Jump to content
Planeta.Ge

ვინ არის კაცი, რომელმაც ოსლოში რუსი დიპლომატები საჰაერო განგაშის სიგნალით გააღვიძა


რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე 73 წლის ნორვეგიელმა კაცმა შეთილ ქრანმა პროტესტის ორიგინალური ფორმა მოიფიქრა და ოსლოში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს ძილი საჰაერო განგაშის სიგნალებით დაუფრთხო.

როგორც ნორვეგიული გამოცემა Nettavisen წერს, ნორვეგიის მოქალაქემ გვიან ღამით პორტატული სპიკერით ხელში იმ საცხოვრებელ კომპლექსს მიაშურა, სადაც რუსეთის ელჩი და საელჩოს პერსონალი ცხოვრობს:

„მინდოდა ისინი გამომეღვიძებინა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მათ თვალი უნდა გაუსწორონ, რომ ამ ომის თანამონაწილეები არიან“ — ამბობს ქრანი ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.

Untitled-design-36.jpg

ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen

გამოცემა კაცს მის სახლში, პროტესტამდე ერთი საათით ადრე, ღამის 01:00 საათზე შეხვდა. როგორც Nettavisens წერს, სამზარეულოს მაგიდაზე ყავის სავსე თეთრი ჭიქა მიანიშნებდა, რომ ქრანი ღამით დაძინებას არ აპირებდა. ის აღელვებული იყო და თანდათან იაზრებდა, თუ რის გაკეთებას აპირებდა:

„რუსეთი ბომბავს და ტერორის ქვეშ ამყოფებს საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს და საცხოვრებელ სახლებს. ეს სასტიკი ომია, რომლისგანაც რუსი დიპლომატები დისტანცირდებიან“ — ამბობს ქრანი და აღნიშნავს, რომ საჰაერო განგაშის სიგნალები, შიში და გაქცევა უკრაინელი ბავშვების ყოველდღიურობაა, რაც ამწუხრებს მას და მის მეუღლეს, რომელთანაც ერთი ქალიშვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავს.

სწორედ ამ განცდამ გადააწყვეტინა ნორვეგიის 73 წლის მოქალაქეს თებერვლის ცივ ღამეს ზამთრის სქელი წინდები ჩაეცვა და ოსლოს ქუჩებში დიპლომატების საცხოვრებლის მოსაძებნად ღამით გასულიყო.

ქრანი შიშობს, რომ დროთა განმავლობაში საზოგადოების ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შესაძლოა, შემცირდეს და ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რათა ამას ხელი შეუშალოს.

Untitled-design-37.jpg

ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen

გამოცემა წერს, რომ საჰაერო განგაშის სიგნალების მსგავსი ხმა ბეტონის შენობებზე აირეკლა და ოსლოს დასავლეთ ნაწილი მოიცვა. Nettavisen-ის თქმით, პროტესტის მიმდინარეობისას შენობის ერთ-ერთ ფანჯარაში შუქი აინთო და სიბნელეში ადამიანის სილუეტიც გამოჩნდა.

ნახევარსაათიანი პერფორმანსის შემდეგ შეთილმა დინამიკი გამორთო, კაცი არ დაუკავებიათ თუმცა გამოცემა წერს, რომ ის დაპატიმრებისთვისაც მზად იყო:

„რუსი დიპლომატების ღამით გაღვიძება აქტივიზმის ეფექტური ფორმაა თუ არა? არ ვიცი, დრო გვიჩვენებს. ეს აქამდე არასოდეს გამიკეთებია, იმედი მაქვს, იმუშავებს. ჩემი მიზანი მათი შეშინება იყო.

რაც შეეხება სასჯელს, შესაძლოა ეს აქტივიზმის არალეგალური ფორმა იყო, მაგრამ ჩემთვის სულერთია. თუ დამაჯარიმებენ, იმედი მაქვს მეგობრები დამეხმარებიან მის გადახდაში. თუმცა მორალურად, ჩემს ქმედებებში დარწმუნებული ვარ. თუ ამ ქმედებას კანონგარეშედ ჩათვლიან, დაე იყოს ასე“ – აცხადებს ქრანი და დინამიკით ხელში ამჯერად უკვე შინისკენ მიემართება.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ საპასუხო კომენტარისთვის ოსლოში რუსეთის სახელჩოს მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.

Untitled-design-34.jpg

ფოტო: Jakob Bjørnøy, Nettavisen

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...