Jump to content
Planeta.Ge

პარტიამ „საქართველოსთვის“ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირა „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი


პარტიამ „საქართველოსთვის“ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირა „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლების კანონპროექტებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას აწესებს საქართველოს ერთადერთი მტრის - რუსეთის გავლენების წინააღმდეგ საქართველოში.
 
 
კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების და მათი განმახორციელებელი პირების გამოაშკარავება.
 
 
კანონპროექტი დანაშაულად აცხადებს რუსეთის გავლენის გატარებას და რუსეთის სასარგებლო ქმედებებს საქართველოში. კერძოდ, რუსეთის გავლენით საქართველოს საგარეო კურსზე ზემოქმედებას, მისი შეცვლის მცდელობას ან/და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას.
კანონპროექტი თავისი მიზნებით და რეგულირების სფეროთი სრულად განსხვავდება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონისგან.
როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, დღეს რუსული გავლენები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გაზრდილია, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსზე და ზრდის საფრთხეს.
 
 
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ გაზრდილი რუსული გავლენები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ისტორიულ არჩევანს.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ და ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ კანონპროექტს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...