„ცრუ დილემა“ – პაპუაშვილი რუსული კანონის გამო EU-ს კანდიდატის სტატუსის დაკარგვაზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ცრუ დილემას” უწოდებს იმას, რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება, შესაძლოა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდეს.
ამის შესახებ მან დღეს, პირველ მარტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრა ელჩების ინიციატივით პარლამენტში გაიმართა და სწორედ აღნიშნულ კანონპროექტს შეეხებოდა.
საუბარია კანონპროექტზე, რომლის მსგავსი კანონიც რუსეთში 2012 წელს მიიღეს და წლებია რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის რეპრესირებისთვის იყენებს.
ელჩებთან შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილი ირწმუნება, რომ მათი კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს და შინაარსთან დაკავშირებით რაიმე კატეგორიული წინააღმდეგობა არ ყოფილა.
მისი მტკიცებით, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ურთიერთგაგება არის.
პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ აღნიშნული კანონის მიღება კანდიდატის სტატუსის დაკარგვის საფუძველი გახდეს.
“ცრუ დილემები არ არსებობს. ეს არის ცრუ დილემა, ისევ, როგორც სხვა ბევრი რამე მოვისმინეთ[…] ეს კანონი ჯერ მიღებული არ არის, მნიშვნელოვანია, რა სახეს მიიღებს საბოლოო ჯამში. ამიტომაც არის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თუმცა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ელჩებს პარლამენტის თავმჯდომარესთან “მარტივი დისკუსია” არ ჰქონიათ და კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი შეშფოთება, რადგან ეს კანონპროექტი თავსებადი არაა ევროკავშირის ღირებულებებთან და წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის რეკომენდაციებიდან სულ მცირე ორ პუნქტთან.
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ეს კანონპროექტი კანონად არ იქცევა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.