ლევან დოლიძე - არავის ვუსურვებ, იმ მძიმე ტვირთის ტარებას, რაც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას უკავშირდება
საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს, ლევან დოლიძეს ესაუბრა
- ბატონო ლევან, უკვე თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ წარმოადგენთ პოლიტიკურ ორგანიზაციას და დამოუკიდებლად აგრძელებთ საქმიანობას. ამიტომაც, ასე თამამად გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება.
როგორ შეაფასებდით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო ნეიტრალური პოზიციიდან და როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს პროცესები ქვეყნის ევროპულ მომავალზე?
- პოლიტიკური აფილიაციის არ ქონას გავლენა არ მოუხდენია ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე, მათ შორის კონკრეტულ აქტორებთან მიმართებით. როგორც ვფიქრობდი წლების წინ, ასევე ვფიქრობ ახლაც - „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ გავლენის დონე ქართულ პოლიტიკაზე დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, ჩემი დღევანდელი მოსაზრებები არ განსხვავდება იმ განცხადებებისგან, რომელიც პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბოლო წლებში გამიკეთებია.
ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ფაქტორის, მათ შორის, ქვეყანაში არსებული რიგი სისტემური პრობლემების გამო, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე, მრავალფეროვნების უზრუნველყოფა შემდეგი არჩევნებისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
ამდენად, დღესაც მიმაჩნია, რომ ძალისხმევა, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე შეუწყობს ხელს არა ლოზუნგებსა და ოპონენტის განადგურებაზე, არამედ შინაარსსა და პროგრესზე ორიენტირებული პოლიტიკური ფლანგის განვითარებას - სასარგლებლო იქნება ქვეყნისთვის.
დღეს მარტივი დაკვირვებითაც კი ნათლად ჩანს, რომ საკითხები, რითაც გაჯერებულია ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი, არ ემსახურება საშინაო და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას, პირიქით, ამას ხშირად ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა უამრავი პრობლემისა და საფრთხის წინაშე დგას, თუმცა ამავდროულად გაჩნდა შესაძლებლობებიც, რომელიც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა წლების წინ.
ამ ვითარებაში ყველა პოლიტიკურ აქტორს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და ამ მხრივ სერიოზულ პრობლემებს ვხედავთ, როგორც ხელისუფლების აგრეთვე ოპოზიციის მხარესაც, თუმცა ცხადია, შეუდარებელია ის პასუხისმგებლობა, რაც დღეს ხელისუფლებას აკისრია. იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რასაც მმართველი პარტია დგამს, სამწუხაროდ არ ჩანს, რომ ამ პარტიის ლიდერებს სათანადოდ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რაც მათ ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე აკისრიათ.
იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რასაც მმართველი პარტია დგამს, სამწუხაროდ არ ჩანს, რომ ამ პარტიის ლიდერებს სათანადოდ აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა, რაც მათ ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე აკისრიათ
ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით დაარეგისტრირეს.
- ამ კანონზე საუბარს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით და კარგია, რომ საუბრის დასაწყისშივე იგი გაიხსენეთ. ამ თემაზე საკმაოდ ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, როგორც ჩვენი პარტნიორებისგან, ისე ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორებისგან, მაგრამ, ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი სულაც არ აპირებს ვინმეს აზრის გათვალისწინებას.
თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კანონის მიღების შესაძლო შედეგებს, სადამდე შეიძლება ხელისუფლების ასეთი ტიპის ნაბიჯებმა მიიყვანოს ქვეყანა?
- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ წარდგენილი კანონპროექტი დიდი დარტყმაა იმ ძალისხმევის მიმართ, რაც ქვეყანამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გასწია და რომლის მიზანს მშვიდობიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება წარმოადგენს. ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, საკმაოდ რეალური და თვალსაჩინოა ის საფრთხე, რაც ამ ყველაფერს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტით ემუქრება.
ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, საკმაოდ რეალური და თვალსაჩინოა ის საფრთხე, რაც ამ ყველაფერს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანონპროექტით ემუქრება
ბოლო პერიოდში, ამ თემაზე ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენელთა ბევრი განცხადება მოვისმინეთ, სადაც არაერთხელ დავინახეთ, რომ მათ არც თუ ისე პრობლემურად მიაჩნიათ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება. ამაზე საკმაოდ მკაფიო განცხადებები გაკეთდა მათ მიერ.
მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა იმაზეც კი ისაუბრა, თუ რამდენად უკავშირდება ან არ უკავშირდება ეს სტატუსი კონკრეტული ოდენობის ფინანსურ სარგებელს და ამის შედეგად გაუზიარა ჩვენს მოქალაქეებს ის სამწუხარო დასკვნები, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ.
ასეთი ტიპის მსჯელობები მაფიქრებინებს, რომ მათ არა აქვთ კარგად გააზრებული, თუ რას ნიშნავს ეს სტატუსი დღეს საქართველოსთვის მისი სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, და არც ის, თუ რა მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ჩვენ ამ სტატუსის მიღების პერსპექტივამდე მიგვეღწია.
არ მაქვს ილუზია, რომ ამის გააზრება აუცილებლად შეცვლიდა მათ პოზიციას. თუმცა, არ გამოვრიცხავ მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ თუნდაც განცხადებების დონეზე და მეტად დაფიქრებულიყვნენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ კრიტიკულ მომენტში აკისრიათ. მეტ პატივისცემას იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ისტორია და მომავალი თაობების ბედი.
როდესაც ზიანზე ვსაუბრობთ, ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყანას ზიანი უკვე მიადგა ამ ტიპის კანონის ინიციირებითაც. თუმცა, ზიანის მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს შემდეგ ეტაპზე ხელისუფლება. ჯერ კიდევ არის დრო თავიდან ავიცილოთ მოვლენათა ყველაზე ცუდი განვითარება.
უნდა ითქვას, რომ ქვეყანას ზიანი უკვე მიადგა ამ ტიპის კანონის ინიციირებითაც. თუმცა, ზიანის მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს შემდეგ ეტაპზე ხელისუფლება. ჯერ კიდევ არის დრო თავიდან ავიცილოთ მოვლენათა ყველაზე ცუდი განვითარება
- როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება ამ კანონით და რამ განაპირობა მისი ინიციირება სწორედ ამ პერიოდში.?
- როდესაც მიზანზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია ფართო სურათში დავინახოთ პროცესები, რაც ამ კანონის ინიცირებას უსწრებდა წინ. ცხადია, ეს არ არის მოულოდნელად გაჩენილი იდეა, რომელიც გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება - მმართველი პარტია ჯერ კიდევ თვეების წინ საკმაოდ მძიმე რიტორიკით შევიდა დასავლელ პარტნიორებთან კონფრონტაციაში და შეიძლება ითქვას, უმძიმესი ბრალდებები წარუდგინა მათ.
ამის შემდეგ, საკმაოდ კარგად ორგანიზებული პროპაგანდის მეშვეობით საინფორმაციო ველზე შემოიტანეს ე.წ. „აგენტოკრატიის“ ცნება და დიდი აქცენტი გააკეთეს, მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სტიგმატიზებაზე და მათ შერაცხვაზე დასავლური ძალების აგენტებად.
სწორედ ამის შემდეგ წარადგინეს პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას ითვალისწინებს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არასამთავრობო სექტორის მიერ მიღებული დაფინანსების ძირითადი წყარო დასავლური სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი თანხებია.
ამ ფონზე უკიდურესად ცინიკურად გამოიყურება მმართველი პარტიის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ეს პროექტი არანაირ კავშირში არ არის მათ მიერ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობასთან. დარწმუნებული ვარ, ამას კარგად ხედავს თავად საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით პარლამენტის ის წევრები, რომელთაც საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება აქვთ.
გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი მმართველი პარტიისთვის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ამ ინიციატივის მთავარი სამიზნეებისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველაზე პრობლემური ის გამოუსწორებელი ზიანია, რაც ჩვენს ქვეყანას მიადგება
ერთი წუთით მაინც რომ დავუშვათ, რომ ისინი ვერ ხედავენ კავშირს ამ კანონპროექტსა და ზემოხსენებულ პროცესებს შორის, გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მძიმე რეალობასთან გვქონია საქმე. თუმცა, ცხადია პირადად მე ამის არ მჯერა.
მიზნებზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ისეთი სახელის დარქმევაა, რაც საზოგადოებაში მათ დისკრედიტაციას გამოიწვევს. ამ მიზნის უკანაც კონკრეტული პოლიტიკური ამოცანები დგას. დრო გადის და კანონები იცვლება, პოლიტიკური ვითარებები და ინტერესებიც იცვლება, თუმცა არ იცვლება ის სახელი, რომელსაც ისტორია არქმევს კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებს.
საქართველოს უახლესი ისტორიის ზედაპირული გადახედვაც კი საკმარისია ამის კარგად დასანახად. ამ მხრივ გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი მმართველი პარტიისთვის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ამ ინიციატივის მთავარი სამიზნეებისთვის, თუმცა ბუნებრივია, ყველაზე პრობლემური ის გამოუსწორებელი ზიანია, რაც ჩვენს ქვეყანას მიადგება.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია, რომ თავად „ქართული ოცნების“ გუნდში გამოიკვეთოს მკაფიოდ განსხვავებული მოსაზრებები, რამაც შესაძლოა ამ კანონის მიღების პროცესი შეაფერხოს?
- მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის რამდენიმე დეპუტატი საკმაოდ კარგი კომპეტენციით გამოირჩევა საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების მიმართ და მათ ყველაზე კარგად ესმით ამ პრობლემის სიმძიმე.
შესაბამისად მიმაჩნია, რომ პარლამენტის წევრებს შორის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე პირადად ნამდვილად არავის ვუსურვებ, იმ მძიმე ტვირთის ტარებას, რაც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას უკავშირდება.
- როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკავშირის შეფასებაზე?
ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ კანონის რეგისტრირებით დასავლეთში კიდევ უფრო სერიოზული კითხვები გაჩნდა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით?
- 12 პუნქტზე საკმაოდ მკაფიო პასუხს გასცემს თავად ევროკომისიის წარმომადგენლების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები კანონპროექტთან დაკავშირებით. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო იყო თავად ევროკავშირის ელჩი საქართველოში, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტი სულ მცირე 2 პუნქტთან მოდის წინააღმდეგობაში.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველოში არასამთავრობოების დაფინანსების ძირითადი წყარო, ალბათ სულ მცირე 80 პროცენტი, დასავლური სახელმწიფოებიდან მოდის.
შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება ჯერ „აგენტოკრატიაზე“ იწყებს საუბარს, რა თქმა უნდა, უარყოფით კონტექსტში, ხოლო შემდგომ არეგისტრირებს კანონს, რითაც „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის“ სტატუსსაც ანიჭებს მეტწილად სწორედ დასავლეთიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს, ცხადია ეს ვერსად, მათ შორის, ვერც დასავლეთში ვერ ჩაითვლება მხოლოდ სამართლებრივ საკითხად და ბუნებრივია, ეს აღიქმება, მმართველი პარტიის პოლიტიკურ პოზიციადაც.
ამდენად, შეუძლებელია ამან არ გააჩინოს დამატებითი კითხვები დასავლეთში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ორიენტირები საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ კონცეპტუალურ დოკუმენტებსა და კანონმდებლობაში ასახული დებულებით არ ფასდება. ხშირად მეტი ყურადღება სწორედ ქმედებებს ექცევა.
შეუძლებელია ამან არ გააჩინოს დამატებითი კითხვები დასავლეთში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ორიენტირები საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ კონცეპტუალურ დოკუმენტებსა და კანონმდებლობაში ასახული დებულებით არ ფასდება. ხშირად მეტი ყურადღება სწორედ ქმედებებს ექცევა
ამ ეტაპზე მეტ სიღრმეებში არ შევალ - იმდენად თვალსაჩინო ზიანზე ვსაუბრობთ, რომ ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებ პოზიციები გადაიხედება.
- სამწუხაროა, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ყველაფერ ჩვენში ხდება მაშინ, როცა კიდევ უფრო კრიტიკულ ფაზაში შედის რუსეთ-უკრაინის ომი და ამ მხრივ ბუნებრივია, მნიშვნელოვნად იზრდება რისკები მთელი რეგიონისთვისა.
ეს ასევე ხდება, მაშინ, როცა ნატოს სამიტი ახლოვდება, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ჩატარდება.
როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ჩვენი ხელისუფლების ქმედებები ნატოში ინტეგრაციაზე და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოებაზე?
- ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა, არსებითად შეცვალა გეოპოლიტიკური გარემო. შეძლება ითქვას, ამან ფაქტობრივად შეცვალა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობების პარადიგმა.
ეს გამოიხატება არა მხოლოდ რიტორიკასა და სანქციებში, არამედ კონკრეტულ ქმედებებშიც, რაც მათ შორის, უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღების მიწოდებას გულისხმობს. სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა დღეისათვის რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ რეალობას. ცხადია, ნატოს ქვეყნები არ არიან ჩართულნი საომარ მოქმედებებში, თუმცა აშკარაა, რომ ნატომ ისევე, როგორც ზოგადად პოლიტიკურმა დასავლეთმა, რუსეთის ეს აგრესია საკუთარ ბრძოლად მიიღო.
სულ რაღაც წელიწად ნახევრის წინ, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა დღეისათვის რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ რეალობას. ცხადია, ნატოს ქვეყნები არ არიან ჩართულნი საომარ მოქმედებებში, თუმცა აშკარაა, რომ ნატომ ისევე, როგორც ზოგადად პოლიტიკურმა დასავლეთმა, რუსეთის ეს აგრესია საკუთარ ბრძოლად მიიღო
ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ისევ მჯერა, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს იმ მიზანს, რაც ჯერ კიდევ წლების წინ უკრაინასთან მიმართებით დაისახა. უსაფრთხოების კუთხით საქართველო დღეს ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას და მათთან გამკლავება ცხადია მოითხოვს სიფრთხილეს, ისევე როგორც რაციონალურ, კრეატიულ და აქტიურ ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ მაქსიმუმს მიაღწიოს იმ შესაძლებლობების ფონზე, რომლის გარკვეული კონტურები ეტაპობრივად იკვეთება.
იმ სამწუხარო ტრაექტორიის ფონზე, რაც საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთობებში არსებობს, კარგია, რომ ინსტიტუციურ დონეზე ნარჩუნდება შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა.
თუ პოლიტიკურ დოზე პარტნიორობაში დღეს არსებული სირთულეები არ აღმოიფხვრება, ძალიან გაგვიჭირდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნების მიღწევა ყველა მიმართულებით
ამის ერთ-ერთი მაგალითია თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და შეხვედრა, რომელიც სულ ახლახანს გაიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შორის.
ამის მიუხედავად, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ დოზე პარტნიორობაში დღეს არსებული სირთულეები არ აღმოიფხვრება, ძალიან გაგვიჭირდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნების მიღწევა ყველა მიმართულებით. მეტიც, ურთიერთობების არსებული დონის შენარჩუნება ინსტიტუციურ თანამშრომლობაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.