Jump to content
Planeta.Ge

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“


პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება "აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს.

"ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ, „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის.

ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება. ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვაინიცირებთ კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ჩვენი კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს, მისი მიზანი კი არის ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს - მტერს დაარქვას მტერი.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება, დავკარგოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები გააყალბოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ნიშნავს მშვიდობასა და დემოკრატიულ განვითარებას, და ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასასრულს. ამის არიდებას "ოცნების" ხელისუფლება პოლიტიკური თაღლითობით ცდილობს და უნდა, რომ ერთ სიბრტყეზე დააყენოს სტრატეგიული პარტნიორები და ქვეყნის ოკუპანტი. ეყოთ გამბედაობა, მტერი დაუძახონ რუსეთს და არა ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს/მეგობრებს და ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

ჩვენ დღესვე დავიწყებთ კონსულტაციას ჩვენს კოლეგებთან ოპოზიციური პარტიებიდან, რომ მხარი ამ ინიციატივას მათაც დაუჭირონ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...