გიორგი კვირიკაშვილი უცხოური გავლენის კანონპროექტზე - მისმა მიღებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას - იმედია, „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა, დაგვაშოროს მიზანს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.
როგორც კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი.
„არსებულ საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკურ კონტექსტში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის წამოწევამ და საჯარო განხილვამ, სამწუხაროდ, უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი. როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეუწონლობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას.
როგორც ადამიანი, ვისაც უმუშავია დღევანდელი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან ერთად საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისათვის, რომელსაც არასდროს ჰქონია ჩასაფრებული პოზიცია და ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი არასდროს ყოფილა გულგრილი, იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა“,- წერს კვირიკაშვილი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.