არჩილ თალაკვაძე - ვეტომდე ჯერ ბევრი დროა - განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს
ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ამ კანონთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება საქართველოს ინტერესებში და დაეფუძნება მხოლოდ ჯანსაღ არგუმენტებს.
„ვეტომდე ჯერ ბევრი დროა. შესაბამისად, განცხადების წინასწარ გაკეთება იმაზე, რასაც წინ უსწრებს განხილვები და საპარლამენტო დისკუსია, არ მგონია, რომ სწორი იყოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით თუ დაინტერესება აქვს, განხილვებში ჩაერთოს და საპარლამენტო დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა. განსაკუთრებით ალბათ, საჭირო იქნება ოპოზიციასაც დაელაპარაკოს კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, იმიტომ, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ დადის და არ აკეთებს იმას, რაც დემოკრატიული წესებით ევალება. შესაბამისად, ვიდრე ვეტო იქნება, მანამდე იქნება პოლიტიკური პროცესი, უნდა შედგეს განხილვები და ეს არის რასაც ითვალისწინებს პარლამენტის რეგლამენტი" ,- აცხადებს თალაკვაძე.
მისი თქმით, სიმართლე არის ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყანამ მიიღო უვიზო რეჟიმი, საქართველოს ევროპული პერსპექტივა იქნა აღიარებული და საქართველომ მიიღო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, ასევე უმაღლესი პოლიტიკური პირების მხრიდან გაკეთდა პირდაპირი განცხადებები, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას აქვს ძლიერი მხარდაჭერა. შესაბამისად, მისივე თქმით, ეს არის რეალობა.
„ამის მიღმა უკვე კონკრეტულ კანონებთან მიმართებაში, კონკრეტულ პიროვნებებთან ევროპის დაკავშირება ვფიქრობ, გადაჭარბებულია. პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი. შესაბამისად, თავისი დისკრეციის ფარგლებით მას აქვს დამოუკიდებლობა და აკეთებს იმ განცხადებებს, რომელსაც თვლის საჭიროდ“, - აცხადებს თალაკვაძე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.