Jump to content
Planeta.Ge

პროკურორის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე, დღეს დასაკითხი მოწმე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს


თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, კომისიის ერთ-ერთ ყოფილ წევრს დაკითხავენ.

როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დღეს დასაკითხი მოწმე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს სასამართლოს. სწორედ აღნიშნული პირი იყო 2005-2007 წლებში კომისიის წევრი და კომისიის სხდომის მდივანი.

თავად ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. როგორც პროცესის დაწყებამდე ივერი მელაშვილმა განაცხადა, მათ საქართველოს საწინააღმდეგოდ არასდროს, არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

პალიტრა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...