Jump to content
Planeta.Ge

Wizz Air მოლდოვაში ფრენებს შეწყვეტს


უნგრული Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენს. ამის მიზეზად ავიაკომპანია უსაფრთხოების რისკებს ასახელებს.

“მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება Wizz Air-ის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება”.

“მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაზრდილი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შემდეგ, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა [დედაქალაქ] კიშინიოვში 14 მარტიდან”, — აცხადებს ავიაკომპანია.

მანამდე, თებერვლის დასაწყისში, მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტა შეიჭრა. ეს მოხდა მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მორიგი სარაკეტო იერიშის დროს.

მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, წუხს Wizz Air-ის გადაწყვეტილების გამო. მინისტრი დასძენს, რომ მოლდოვის საჰაერო სივრცეში შესაძლებელია გარკვეული პროცედურების დაცვით ფრენების უსაფრთხოდ შესრულება. ამავეს ამბობს მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახური BBC-სთან საუბრისას.

უკრაინაში რუსეთის ომი მოლდოვაზე მხოლოდ ცალკეული სარაკეტო ინციდენტებით არ ასახულა:

ომში მყოფი უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტის ფონზე, მოლდოვა ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა. ამას ემატება ინფლაცია და უკრაინიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი. ქვეყანაში დაიწყო საპროტესტო აქციებიც პოპულისტური და პრორუსული პარტია ȘOR-ის ორგანიზებით, რომელსაც ისრაელში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ხელმძღვანელობს.

უკანასკნელ კვირებში, უკრაინასა და რუმინეთს შორის მდებარე მოლდოვის ხელისუფლებაში რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობებზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ მიმდინარე თვეში რუსეთი ქვეყნის პროევროპული მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვმა უარყო.

მეორე მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინა შეჭრას აპირებს დნესტრისპირეთში — მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც რუსი სამხედროები დგანან. მოლდოვა უარყოფს ამ ბრალდებას და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...