ვიქტორ წილოსანი - „გოცირიძის“ მეტროსთან დაკავშირებით ვადებზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან „აქილევსის ქუსლი“ გახდა - სამუშაოები დასრულებულია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია დასრულდა და ახლა უკვე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ელოდებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში წილოსანი აღნიშნავს, ეს მეტროსადგური მერიისთვის „აქილევსის ქუსლი“ გახდა.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით „გოცირიძეზე“ შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი „აქილევსის ქუსლი“ გახდა“, - აცხადებს წილოსანი.
კითხვაზე, მეტროსადგურ „გოცირიძის“ მაგალითის გათვალისწინებით, შესაძლოა თუ არა, მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში ვერ განხორციელდეს, წილოსანი ასე პასუხობს: "მგლის შიშით ცხვარი ვის ამოუწყვიტავსო“, დაახლოებით ასეთია".
"ვიმედოვნებ, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი კომპანიები უფრო მეტია, ვიდრე უპასუხისმგებლო. „გოცირიძის“ შემთხვევა იყო ერთადერთი და განუმეორებელი, იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი გამეორდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ვადებში ჩაეტევა“, - აცხადებს წილოსანი.
მან ასევე ისაუბრა მეტროსადგურების მოსაცდელებში არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია ტურნიკეტების გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხზეც მუშაობს.
„მაგალითად, ლონდონის მეტრო საუკეთესოდ ითვლება, „იუთუბზეც“ კი შეგიძლიათ ნახოთ მსგავსი კადრები, თუ როგორ ხდება რიგის მოწესრიგება. იაპონიაშიც კი, რომელიც ტექნოლოგიების მექაა, ადამიანები დგანან, რომლებიც მოძრაობას ხელით არეგულირებენ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ამას მთელი ამბავი მოჰყვა, ხშირად ვარ მე კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ამის არ მეშინია, ვიცი, რომ რეფორმას შევეჭიდე, ნებისმიერი რეფორმა მტკივნეულია, რაც უფრო დიდ სოციალურ ჯგუფს მოიცავს რეფორმა, კიდევ უფრო მტკივნეულია. სატრანსპორტო რეფორმა ისეთი რეფორმაა, რომელიც თითოეულ ადამიანს ეხება, იქნებიან კმაყოფილი ადამიანებიც და უკმაყოფილოებიც. ყველაზე პრობლემური ადგილი არის მეტროსადგურების - „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელი, თუმცა, იქ ტურნიკეტების გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხზეც ვმუშაობთ - ახლით ჩანაცვლდება, შემოდგომაზე ეს პროცესი დასრულდება. ტურნიკეტები უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის იქნება, შესაბამისად, ადამიანების გატარება, სწრაფად მოხდება“, - აცხადებს წილოსანი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.