Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - მივედით იქამდე, რომ არცერთ პარტნიორს აღარ სჯერა ხელისუფლების - „ოცნება“ იღებს კანონს კონტექსტით, რითაც მიიღეს რუსეთში, რაც არის იერიში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე


ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლებას რაიმე რეაქცია ექნება მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ იუსტიციის მინისტრისთვის ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარშის გადაცემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

„ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ახორციელებს ისეთ საგარეო პოლიტიკას, როგორსაც უნდა ახორციელებდეს და არაკომპეტენტურობის გამო მივედით იქამდე, რომ არცერთ საერთაშორისო პარტნიორს, მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება მართალია, აღარ სჯერა ხელისუფლების, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. როცა არ გყოფნის კომპეტენცია, ენას შეგაჩვევენ, როცა ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, როდესაც რუსეთის ნაცვლად მტრად აცხადებ დასავლეთს და როდესაც არავინ არ ხარ - ხარ ერთი რიგითი შემსრულებელი იმ სურვილების და დავალებების, რაც ქვეყნის რეალურ მმართველს გააჩნია მისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს დაკავშირებულია ერთი ადამიანის ძალაუფლების შეზღუდვასთან და „ქართულ ოცნებას“ უნდა გააყალბოს მომდევნო არჩევნები, ეს პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის არა თუ მიღება, არამედ დისკუსიის გახსნაც კი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს.

„ეს არის პირდაპირი იერიში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეზღუდოს სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ხვალ არჩევნებს უნდა დააკვირდეს, რადგან არჩევნები ჩატარდეს სამართლიანი და რეალური დამკვირვებლების გარეშე. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ შეზღუდოს თავისუფალი სიტყვა. „ქართული ოცნება“ ამ კანონით არ ებრძვის ქვეყანაში რუსულ გავლენებს, „ოცნება“ იღებს კანონს იმ მიზნით და იმ კონტექსტით, რა კონტექსტითაც რუსეთში მიიღეს ეს კანონი. „ოცნება“ ცდილობს, რომ დანერგოს შიში ამ კანონის დანერგვით. ეს კანონი იწვევს ადამიანების, ორგანიზაციების სტიგმატიზებას. ყველა იმ ორგანომ, ვინც ხვალ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ გვითხრა, რომ ეს კანონი არის საბოტაჟი ევროინტეგრაციის პროცესის.

ვინც ამ კანონს მიიღებს, ვინც ხმის მიცემაზე ხელს დააჭერს, მიუხედავად იმისა, ვინ უკარნახა ამ კანონის მიღება, ვერც ერთი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ავტომატურად ისინი მონაწილეები ხდებიან სახელმწიფო ინტერესების ღალატის“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, დღეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ყველაფერზე წამსვლელები ვართ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ჩვენ არავისთან ხელის ჩამორთმევის პრობლემა არ გვაქვს. ყველასთან ერთად ჩვენ მზად ვართ. გავაკეთოთ ყველაფერი, ყველა პლატფორმის გამოყენებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გვეჯდება მაგიდასთან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...