Jump to content
Planeta.Ge

“დასაქმებულთა პირადი ნომრები პროკურატურას უნდა გადაეცეს”- გავლენის აგენტების ახალი კანონპროექტი


ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი

პარლამენტში დარეგისტრირდა უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტიის პარტნიორის - “ხალხის ძალის” მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული კანონპროექტი აქამდე უკვე რეგისტრირებული ინიციატივის პარალელური ინიციატივაა და ის კანონპროექტის პირველ ვერსიასთან შედარებით უფრო ფართო რეგულირებას ითვალისწინებს. წინასწარ ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას გეგმავს. კანონპროექტს გმობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი; ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახური და გაეროს განვითარების პროგრამა.

ახალი კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტის” მქონე სტატუსის პირებს მათში დასაქმებულთა პირადი ნომრების პროკურატურისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

კანონპროექტის სრული ტექსტი ასეთია:

მუხლი 1.

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირი - ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება;

ბ) უცხოური ძალა:

ბ.ა) უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია;
ბ.ბ.) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირია და ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი არ არის ფიზიკური პირი, შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს;

ბ.გ.) იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს;

გ) უცხოური ძალის აგენტი - უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით:

გ.ა) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში;

გ.ბ) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;

გ.გ) უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტებს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას;

გ.დ) წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს.

შენიშვნა:

1. უცხოური ძალის აგენტად ასევე ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, ასევე ნებისმიერი პირი, ვინც თავს უცხოური ძალის აგენტად წარმოაჩენს.

2. უცხოური ძალის აგენტად არ ითვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალება, თუ ის შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ქონების არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა და ის არ იმართება, არ ფინანსდება ან არ კონტროლდება უცხოური ძალის მიერ.

დ) პოლიტიკური აქტივობა - ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, აგრეთვე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა;

ე) უცხო ქვეყნის ხელისუფლება - ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელიც უშუალოდ ახორციელებს დე ფაქტო ან დე იურე პოლიტიკურ იურისდიქციას ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის რომელიმე ნაწილში, აგრეთვე ნებისმიერი პირი, პირთა ჯგუფი ან ორგანო, რომელზეც ასეთი უფლებამოსილების განხორციელება პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დელეგირებული;

ვ) უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია - ისეთ აქტივობებში ჩართული ორგანიზაცია ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი გაერთიანება, რომლის მიზანია ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობა ან ხელისუფლების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა;

ზ) საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი - ნებისმიერი პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულია უცხოური ძალის ინფორმირებაში ან მისთვის რჩევის მიცემაში, ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც უცხოურ ძალას წარმოადგენს საზოგადოებრივ ურთიერთობებში;

თ) პოლიტიკური მრჩეველი - ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია სხვა ნებისმიერი პირის ინფორმირებაში ან მისთვის რჩევის მიცემაში საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასა და ინტერესებთან დაკავშირებით.

მუხლი 2.

ამ კანონის მე-3 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ უცხოური ძალის აგენტზე:

ა) დიპლომატები და კონსულები, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლები;

ბ) უცხო ქვეყნის თანამდებობის პირები;

გ) პირი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა;

დ) პირი, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა;

ე) უცხოური ძალის ადვოკატი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში;

ვ) ამ კანონის პირველი მუხლის „ბ.ბ.“ და „ბ.გ.“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სუბიექტების აგენტი, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეწევა და ამ სუბიქტების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია როგორც ლობისტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3

1. პირი, რომელიც ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობებს აკმაყოფილებს, ვალდებულია უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურორს უნდა წარედგინოს ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობის წარმოშობიდან 10 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ;

ბ) იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების სახელწოდება, თითოეული დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის შესახებ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ინფორმაცია. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების წესდება;

გ) იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა;

დ) ყველა იმ უცხოური ძალის ვინაობა/დასახელება და მისამართი, რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს;

ე) უცხოური ძალის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს აღწერილობა;

ვ) ინფორმაცია უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე უცხოური ძალის მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ;

ზ) ინფორმაცია უცხოურ ძალასთან გაფორმებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულებების შესახებ, ასევე ინფორმაცია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ. განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ხელშეკრულებების ასლები;

თ) დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა უცხოური ძალისგან მიიღო.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში შესატანი სხვა ინფორმაციისა და იმავე განცხადებასთან ერთად წარსადგენი სხვა დოკუმენტების ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორს იმავე ინფორმაციის უკანასკნელად წარდგენიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინოს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილია უცხოური ძალის აგენტს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა უფრო მცირე დროის ინტერვალებით მოსთხოვოს.

5. განმცხადებლის/უცხოური ძალის აგენტის მიერ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი საჯაროა. ამ ინფორმაციის გაცნობის წესს საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრავს.

მუხლი 4.

1. უცხოური ძალის აგენტი, რომელიც უცხოური ძალის ინტერესთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას ფოსტის ან სხვა საშუალების გამოყენებით აგზავნის, ვალდებულია ამ ინფორმაციის გაგზავნიდან არაუგვიანეს 48 საათისა იგივე ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურორს წარუდგინოს.

2. საქართველოს გენერალური პროკურორისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საჯაროა. ამ ინფორმაციის წესს საქართველოს გენერალური პროკურორი განსაზღვრავს.

3. დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ.

4. საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უცხოურ ძალასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტების მიცემამდე, უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს უახლესი ინფორმაცია მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ.

მუხლი 5.

1. უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა იმ ინფორმაციის უსაფრთხოდ შენახვა, რომელიც უცხოურ ძალასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ინფორმაცია უცხოური ძალის აგენტმა უნდა შეინახოს უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის ვადით, ასევე რეგისტრაციის გაუქმებიდან 3 წლის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესანახი ინფორმაციის ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება.

მუხლი 6

უცხოური ძალის აგენტის მიერ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოური ძალის აგენტი ფიზიკური პირია) ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უცხოური ძალის აგენტის ხელმძღვანელმა პირმა უნდა უზრუნველყოს.

მუხლი 7.

ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

მუხლი 8.

1. ამ კანონის პირველი-მე-7 მუხლის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ამ კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს გენერალურ პროკურორს ამ კანონით დადგენილი წესით განცხადებით მიმართოს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტები საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მიიღოს ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში.

მუხლი 9.

1. ეს კანონი, გარდა პირველი-მე-7 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი-მე-7 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს,”- წერია კანონპროექტში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...