რომელიმე ოპოზიციონერს ესიამოვნება, მათ კოლეგებს რომ ჩაუტარონ აქციები?! - პაპუაშვილი საშვის გაუქმებაზე
საქართველოს პარლამენტში დღეს ჟურნალისტების ნაწილი არ შეუშვეს. როგორც მედიის წარმომადგენლებს განუმარტეს, პარლამენტის დეპუტატების მიერ მათ სახელზე დაშვებული საშვები შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტის დეპუტატები ბოროტად იყენებენ იმ პრივილეგიას, რომელიც მათ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვთ მინიჭებული.
„ჩვენ ვნახეთ, რომ წინა შემთხვევაშიც ბიუროს სხდომასთან როცა იყო აქციასავით მოწყობილი, დეპუტატებმა დაუშვეს და შემოუშვეს სხვადასხვა პირი იმისთვის, რომ აქცია მოეწყოთ პარლამენტში.
პარლამენტის შენობა, როგორც ადმინისტრაციული შენობა არ არის ადგილი, სადაც დაშვებულია შეკრება და აქციის გამართვა, ეს პარლამენტის წევრმა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს.
რაც შეეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას, ყველას შეუძლია, თუკი რამე საკითხის მიმართ აქვთ პროტესტი, მოქალაქეებს ვგულისხმობ, გამოხატონ, მაგრამ როდესაც ეს ხდება შენობაში, როცა ხდება ხელის შეშლა საქმიანობისთვის, ეს არ არის დაშვებული. ეს არის კანონი, ეს არის ის, რაზეც შეთანხმდა ქართველი ხალხი ამ კანონით.
მე ბატონ ალეკოსთან კომუნიკაცია მქონდა და ვკითხე, მასთან მიდიოდნენ პირადად ეს ადამიანები თუ აქცია უნდა გაემართათ და მან სიმართლე მითხრა, რომ უნდა მოიყვანოს აქციაზე ხალხი. ვუთხარი, რომ ამის უფლება არ აქვს, რომ სხვა საქმეზე დაუშვას საშვი და ეს არაკოლეგიალურია, როდესაც ადამიანები მოგყავს იმისთვის, რომ შეიძლება შეუტიონ, შეურაცხყოფაც მიაყენონ კოლეგებს.
იყვნენ სხვა კოლეგებიც, რომლებმაც დაუშვეს საშვები და მათ დამალეს და მითხრეს, რომ ჩემთან მოდიანო სტუმრად. ახლა ეს ადამიანები დგანან ბიუროს სხდომასთან. გარდა იმისა, რომ არაკოლეგიალურია, როდესაც შემოგყავს ადამიანები და გინდა შენი კოლეგები მათი რისხვის ობიექტი გახადო, მათ შორის, ეწინააღმდეგება საშვის დაშვების წესს, როდესაც შენთან არ მოდიან სტუმრად და მეორეა, როცა უმალავ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც გულახდილად გეკითხება, თქვენთან მოდიან თუ სხვა საქმეზე მიდიან. უმალავ და ატყუებ.
ეს საბოლოოდ არასერიოზულობაა. თუკი ჩვენ თვითონაც არ ვეცით პატივი მანდატს, მოქალაქეები კარგად ვერ აღიქვამენ. პარლამენტის შენობაში აქციების მოწყობის ადგილი არ არის. პროტესტი გასაგებია, გამოხატონ… მაგრამ ამის დაორგანიზება, ხალხის შემოყვანა ორგანიზებულად იმისთვის, რომ შენს კოლეგებს ჩაუტარონ აქციები, რომელიმე ოპოზიციონერ კოლეგას ესიამოვნება, რომ უმრავლესობამ აქციები დაუორგანიზოს? არ არის სწორი და დავაკვირდები, რომ ეს პრაქტიკა აღარ განმეორდეს და ჩარჩოებში მოექცეს.
დაახლოებით, 80 ჟურნალისტია ახლა შენობაში, რომელიც სრულიად საკმარისია საპარლამენტო საქმინაობის გასაშუქებლად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მედიის წარმომადგენლები პარლამენტის შენობაში რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც კანონად მიღების შემთხვევაში შეზღუდავს კრიტიკული მედიის საქმიანობას, საფრთხეს უქმნის ევროკავშირში გაწევრების პროცესს და აფერხებს საქართველოს განვითარებას.
ისინი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეორე აქციას მართავენ.
პარლამენტში შესვლისთვის ჟურნალისტს საშვი სჭირდება, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარატმენტი გასცემს. პირველი აქციის ჩატარების დღეს პარლამენტის პრესსამსახურიდან მედიას აცნობეს, რომ ისინი შეზღუდული რაოდენობით გასცემდნენ შენობაში შესვლის ნებართვას.
ამის შემდეგ ჟურნალსიტებმა თხოვნით მიმართეს დეპუტატებს, გამოეყენებინათ მათი უფლებამოსილება და გაეცათ შესასვლელი საშვები.
იგივე განმეორდა დღესაც, თუმცა დეპუტატების მიერ გაცემული საშვები შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა და პარლამენტში შესვლის მსურველთა ნაწილი გარეთ დარჩა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.