ვურჩევ გაეროს, ნუ სპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით - სუბარი
უმრავლესობის წევრი და პრორუსული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს წარმომადგენლობების განცხადებას ეხმაურება.
გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. ასევე, გაეროში ამბობენ, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს მათი საქმიანობა საქართველოში.
რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ურჩევს გაეროს, „ნუ სპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით“.
„ეს არის წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტი, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში. იმედია, გაერო საქართველოს არ უყურებს, როგორც რაღაც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს დემოკრატიის და სხვა სტანდარტი უნდა იყოს ვთქვათ ამერიკაში ან კანადაში.
შეუძლებელია, რომ ის, რაც არის კარგი ამერიკული დემოკრატიისთვის და ამერიკული სახელმწიფოს სიმყარისთვის, ცუდი იყოს საქართველოსთვის და მე მგონი აი ამ სტანდარტით უნდა მოგვიდგნენ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები, მათ შორის, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში.
ძალიან დაბეჯითებით თხოვნაც მექნება და რჩევაც გაეროს წარმომადგენლობისთვის – ნუ, ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით“, – ამბობს სოზარ სუბარი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.