Jump to content
Planeta.Ge

უკრაინაში ჩადენილ დანაშაულზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო იმსჯელებს


დღეს, 27 თებერვალს ჟენევაში იწყება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია, რომელიც თვეზე მეტხანს, 4 აპრილამდე იმუშავებს.

სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება. სპეციალური კომისია საბჭოს წარუდგენს პირველ წერილობით ანგარიშს. უკრაინის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც.

სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა საიმონ მენლიმ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიამ გაეროს გენერალური ასამბლეის მსგავსად უნდა აჩვენოს, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წლევანდელ სესიაზე დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის გამოსვლა. გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, ევგენია ფილიპენკოს განცხადებით, რუსეთი საბჭოს სხდომათა დარბაზში ადგილს არ იმსახურებს, ამიტომ შესაბამისად იმოქმედებენ.

გასულ წელს, სესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ონლაინ გამოსვლის დროს, დარბაზი დატოვა დელეგატების დიდმა ნაწილმა.

 

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...