Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.307

"ბაჩმან–ხათუნის" გოდების კედელი, ჩიორას ჩივილები და ჩიჩინი ფიჩინამდე, ანუ „3 ჩ“–ს საიდუმლო ნაციონალურად


katya

2.026 views

blog-0536156001361103589.jpgდა იყო კიდევ ერთი კვირა ყავისმოყვარულ ქართველთა ცხოვრებაში...

კოსმიური თუ პოლიტიკური ძვრებით, მინიმალური საარსებო კალათით და სახელფასო პრემიალური მაქსიმუმით, არც თუ ურიგო რიგგარეშე პარტიული ყრილობით, არც ისე საპრეზიდენტო ვოიაჟით, დაკითხული მერით, ბანკროტი პოლიტიკოსის 2 წუთში გაფენიქსებული რეიტინგით, თვით გურამ დონაძის მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებული 3 პასპორტით და 65 000 იანი შენატანით ბიუჯეტში, პენიტენციალური ქორწილით, კათოლიკური სიყვარულით და ისლამურ–მეზობლური ულტიმატუმებით.

პროზაული დასაწყისიაო ვერ იტყვით, მაგრამ, ზოგჯერ საკვირაო განწყობას მხოლოდ კალენდარი ვერ შველის.

ცოტა მეტია საჭირო! თუმცა, არის მომენტები, როცა მეტიც მეტისმეტია...

ხომ გეუბნებოდით – სამართალს ბუმერანგის ფორმა აქვს და ურმით დადის.

მაგის შიში რომ არ ჰქონდეს ზოგიერთს, აბა შონზო მაინც და მაინც ამ კვირაში რატომ აღშფოთდებოდა საკუთარ ცხოვრების წესზე, ბოლო 9 წლის განმავლობაში?

არც „პატიმართა პატრონი „ ხათუნა აჩუყებულა უმიზეზოდ, არც ჩიორას გაუსაჯაროვებია თავისი „სარეცელი“ და არც წერეთლების გიგის გამოუთქვამს მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ტყუილად.

ასეა – სინდისდაკარგული ადამიანი ყოველთვის დარდობს მის დაკარგვას, რადგან შეეძლო ის სარფიანად გაეყიდა ან გადაეყიდა...

მაგალითად, ყოფილ დეპუტატს და „დეოკუპაციის ცენტრის“ ხელმძღვანელ გია თორთლაძესაც ვერ აჯერებენ, რომ მის დაკთხვაში ახალი პრემიერის პირადი ინტერესი არ ურევია. აბა რა გახდა ეგ 350 000 ლარი და „ტოიოტა“?

გიგიზეც ამბობდნენ ავი ენები, ეგ ასე იოლად გასატეხი კაკალი არააო, მაგრამ...

თბილისის მერი, იქამდეც მივიდა, გასულ კვირას მოქმედ უმრავლესობას მასობრივი გამოსვლებითაც დაემუქრა ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ დროულად გადაამოწმა და გაარკვია, რომ წალენჯიხა–თბილისის ავტობუსი სხვა გრაფიკს ექვემდებარება. თანაც,კულუარული ინფორმაციით, ტარიელ ხიზანეიშვილმა დაკითხვაზე მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. დაკითხვიდან კი გიგი ისეთი სახით გამოვიდა, აშკარად მეტს ელოდა, ან გამომძიებლები ელოდნენ ნაკლებს.

მართლაც და რა ხდება ?

დელეგაცია დელეგაციას არ გავს და დარბევა დარბევას... საპირფარეშოში ვერ გასულა კაცი და გემრიელად ვერ გაპროვოკატორებულა ნაცი...

გაივსო ქალაქი „კრიმინალებით“... რა წესია? პატიმარი ვიცით ჩვენ ციხეში! ქალი ბუტკაში, კაცი – ომში და ქვეყანა – ნატოში...

გთხოვთ, მომიკლათ ცნობისმოყვარეობა და გამაგებინოთ – ქალბატონი ნინო ლაპიაშვილი 9 საათის შემდეგ ისევ ჩანთაჩახუტებული დადის თუ გაიარა ადაპტაცია? ანუ შეეგუა თანაცხოვრებას ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად ამ ქალაქში?

მეტეორიც რომ დროზე ადრე ფეთქდება, თანაც , მაინც და მაინც ოკუპანტის ტერიტორიაზე, ამასთან შეგუება მართლა რთულია.

მეტეორზე გამახსენდა, – გაიგებდით ალბათ, იაპონიის საპორტო ქალაქ იშინომაკში რამდენიმე ადამიანმა ინკოგნიტო ადრესატისგან საჩუქრად 250 000 დოლარის ღირებულების ოქროს ზოდი რომ მიიღო. აი ამას ქვია ფოსტა! ყველაზე საოცარი ისაა, რომ ოქროს ზოდების მფლობელებმა საჩუქრით თავიანთი ქალაქის აღორძინება გადაწყვიტეს. ერთი წუთით დავუშვათ იგივე სიტუაცია ჩვენს ქალაქში. მაშინვე გაჩნდება გზავნილის ადრესატამდე მიტანის ალბათობა. თუ მაინც მიაღწია ადრესატამდე, ამის შესახებ იაპონიაში კი არა სამეზობლო–სამეგობროშიც ჭორად გაიგებენ. ქალაქის აღორძინებაში კი „კეთილსინდისიერად მიღებულ დამატებით შემოსავალს“, ნამდვილად არავინ ჩადებს. თუ გინდათ ვცადოთ...

ახალმა პარლამენტმა და მისმა უდიდებულესობა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი სულ ტყუილად მიივიწყეს, თუმცა, ამ ქვეყანაში ვის ქონდა უფლებები მომხმარებლებს რომ ჰქონოდათ, თანაც დაცული?

დიახაც! რა საჭიროა კანონი, რომელიც არაა საჭირო?

გასულ კვირას შეურაცხყოფილი დავრჩი, როცა საშინელი საიდუმლო შევიტყვე – როგორ დაუტოვა ანდერძად და საპატრონოდ ქართველობა ზვიადმა ვალერია ნოვოდვორსკაიას.

მოქმედ და პოტენციურ მსჯავრდებულებს კი ერთი საკითხი აინტერესებთ – ამიერიდან ციხეში დაქორწინებული ყველა წყვილის მეჯვარე იქნება თუ არა ლალი მოროშკინა?

ჩემისთანა ინტრიგანებს კი ის აინტერესებთ – როგორ არ ენანებათ „პატიოსანი შრომით“ ნაშოვნი ფულის გირაოში გადახდა?

გასულ კვირას, ჩვენდა გასაკვირად, ქეთი იგნატოვამაც კი შენიშნა, რომ კოჰაბიტაციას ვერ „ვქაჩავთ“ საუკუნეების მანძილზე ტოლერანტობაში ეჭმიტანილი ერი…

ხათუნა კალმახელიძის გოდების კედელზე დატოვებული მესიჯებით კი ექს– „ლედი–პენიტენციალს“ , საკუთარი „სუსტი წერტილების“ თანახმად, ან ელჩობა უნდა , ან თავდაცვის მინისტრობა.

ახლა მთავარია, ქალბატონი ჩიორას და გოკა გაბაშვილის ეროგენულ ზონებს მივაგნოთ, თუ ასეთი ზონები არსებობს ბუნებაში.

კვიპროსის პრეზიდენტი ნანობს, რომქვეყნის გაერთიანება ვერ შეძლო...და მიდის...

მიშა ნანობს, რომ ქვეყნის ბოლომდე დაშლა ვერ შეძლო და არ მიდის…

ყველა ჩვენი ოცნება ხდება, მაგრამ იმ ფორმით, რომელსაც ვიმსახურებთ.

მათი ფორმები შორსაა იდეალისგან და , შესაბამისად, იდეალიც შორსაა მათი ფორმებისგან.

ზოგიერთის ლოგიკით– თუ ერთზე ოცნებობდით, მაგრამ გაცილებით მეტი მიიღეთ, თქვენი ოცნება მაინც არ ითვლება ასრულებულად.

რატომ მინდოდა მეტეორიტი თბილისში?

როგორც პრემიერი იტყოდა, – კარგი კითხვაა!

მაგრამ კითხვაზე კითხვით გიპასუხებთ – თქვენ მართლა გგონიათ, რომ ამდენი მეოცნების სურვილების ჩაფიქრებას კუდიანი ვარსკვლავის ჩამოვარდნისას მოვასწრებთ?

და კიდევ, ქალებო! ვალენტინი არ გაგიწყრეთ და საბჭოთა არმიის დღის მილოცვა არ დაგავიწყდეთ მომავალ კვირაში ძვირფასი მამაკაცებისთვის, თორემ ის თქვენი ცოდვებით სავსე კლარას და როზას დღესასწაული არც ისე შორსაა.

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

4 Comments


Recommended Comments

მე თუ მკითხავ, ჩემო კატო, აქ საერთოდ უუუდიდეს გა-ყავ-ლბებას აქვს ადგილი... შენ კი ჰყივი და ჰყივი, მაგრამ გაზაფხულს აგვიანდება... ახლა ქათმების აკაკანდნენ და როგორ, როდის, რაფერად და რამდენად სასიამოვნოდ მოჰპეპლ ამა თუ იმ მამალმა, იმასაც ამცნობენ ამ აღარაფრითგასაკვირვებელ ქვეყანას... მაგრამ შენ არ უნდა გაჩუმდე, არც მე უნდა დამაძინო და არც სხვა, რამეთუ ,,სიმართლე, იარაღია და ისეთი, რომ ვარარას ძალუძს მისი მორევა". შენ გაიხარე და გაძლიერდი შენი კარგი შვილებით და სიყვარულით სავსე გულით, ჩემო კატო ჩუ... (ე, კინაღამ ,,თ" წამომცდა...) ჩულაშვილო !
ლინკი
ასეა – სინდისდაკარგული ადამიანი ყოველთვის დარდობს მის დაკარგვას, რადგან შეეძლო ის სარფიანად გაეყიდა ან გადაეყიდა...

 

 

შენი ყავამშვიდობისა ყოველთვის "ცუნამივით" გვატყდება ხოლმე თავზე :*

ლინკი
იმდენი რამე რუმეები ირევა ჩვენს გარშემო...ყავააჯაფსანდალისა არ გამოგვივიდეს!:) თუმცა კაატი ყოველთვის ახერხებს, ყავა-ლატეობას! თანაც ოხშივარიანს! და ესა ფოკუსი! :)))) ესეც გამოდის- დავაჩიორეთ ყავა, გავიკოჰაბიტაციეთ საქმე..და გავიგოკავეთ გაბუკიკოებული მეტეორები! ვარსკვლათცვენაა ოცნებების მეგობრებო..ვარსკვლავთცვენების.და ასე ყავამშვიდობის იდილიებში .მალე გაზაფხულიც მოვა...
ლინკი
×
×
  • შექმენი...