რა უნდა ვიცოდეთ როდესაც პოლიცია ქუჩაში გვაჩერებს
ხშირია შემთხვევები, როდესაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მოქალაქეებს ქუჩაში აჩერებენ, ეკითხებიან სახელსა და გვარს, სთხოვენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, უღებენ სურათს და ამოწმებენ, აქვთ თუ არა მათ კანონსაწინააღმდეგო ნივთი. გარკვეულ შემთხვევებში მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა უფლებები აქვთ მათ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს, მაშინ, როდესაც მათ ქუჩაში აჩერებენ.
რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა შინაგან სამქეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან ნათია მეზვრიშვილთან, რომელსაც ვკითხეთ, თუ რა უფლებები და მოვალეობები აქვს სამართალდამავი უწყებების წარმომადგენლებს მოქალაქეების ქუჩაში გაჩერების დროს და რა უფლებები აქვთ მოქალაქეებს, როდესაც მათ ქუჩაში ამოწმებენ.
„ხშირად სვამენ ხოლმე მოქალაქეები კითხვას, აქვს თუ არა პოლიციას უფლება რომ ისინი გააჩეროს, ასე უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე და მაგალითად გაჩხრიკოს, დათვალიერება ჩაუტაროს, პირადი ჩხრეკა ჩაუტაროს. ზოგადად პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით პოლიციას მოქალაქის გაჩერების უფლება აქვს“. - ამბობს ნათია მეზვრიშვილი
როგორ უნდა მოიქცეს პოლიცია როდესაც მოქალაქეს ქუჩაში აჩერებს?
„მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ მოქალაქეს განუმარტოს, თუ რისთვის აჩერებს, განუმარტოს საკუთარი ვინაობა, რაც ზოგჯერ არ ხდება ხოლმე და თუ ამას პოლიციელი არ აკეთებს ეს ნიშნავს იმას, რომ მან არ შეასრულა მისი უფლებამოსილება სათანადოდ. ანუ, პოლიციას ეკისრება ვალდებულება განუმარტოს მოქალაქეს თავისი ვინაობა, განუმარტოს რასთან დაკავშირებით აჩერებს, მაგალითად აჩერებს გამოკითხვის მიზნით, აჩერებს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით, ყოველ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული რა საფუძველითაც არ უნდა გააჩეროს, მისი ვალდებულებაა ეს მოქალაქეს განუმარტოს“.
შინაგან სამქეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ქუჩაში გაჩერების დროს პოლიციელების მიერ მოქალაქის ჩხრეკის შემთხვევებზეც.
„რაც შეეხება ჩხრეკას. ჩხრეკას და პირად გასინჯვას აქვს თავისი საფუძველი. მაგალითად, თუ არ არსებობს საფუძველი ვარაუდის, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა ან დანაშაულის საგანს, მაგალითად ცეცხლსასროლ იარაღს, უკანონოდ ატარებს და ეს ვარაუდი დასაბუთებული არ არის უსაფუძვლო გაჩხრეკა მოქალაქის არ შეიძლება, ამიტომ პოლიციას უნდა ჰქონდეს სათანადო საფუძველი და რაც მთავარია კონკრეტული მტკიცებულებები რაც ამ ყველაფერზე მიუთითებს. სხვაგვარად, მოქალაქეების გაჩხრეკვა, მათთვის ფოტოების გადაღება და ა.შ. ჩაითვლება ამ ადამიანაების უფლებების დარღვევად. კანონი პოლიციას აძლევს ამის უფლებას, მაგრამ რაც მთავარია კანონი უნდა შესრულდეს ზუსტად“.
სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ასევე აქვთ უფლება ქუჩაში გაჩერებულ მოქალაქეს გადაუღოს ფოტოსურათი, მაგრამ სურათის გადაღებისათვის საჭიროა სამართალდამცველს ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
„ფოტოსურათის გადაღებასაც მიზეზი სჭირდება და კანონში პირდაპირ არის მითითებული რომ ეჭვი უნდა არსებობდეს. ანუ, თუ პოლიცია ვერ ადგენს პირის ვინაობას და არსებობს ეჭვი, რომ ამ მოქალაეს ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა, ჩადენილი აქვს დანაშაული, შეუძლია პოლიციას ეს გააკეთოს, მაგრამ თუ იდენტიფიცირების სხვა საშუალებები არსებობს, წარუდგენ პირადობის მოწმობას, ამისი საჭიროება აღარ იარსებებს და ჩვენ შეგვიძლია ეჭვები გაგვიჩნდეს, რომ ფოტოსურათს სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის იღებს პოლიცია. დეტალებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგადად კანონი მინდა გითხრათ, რომ ბუნდოვანია საკმაოდ ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებით და თუ პოლიციელი არაკეთილსინდისიერია მოლოდინი იმისა, რომ ის დაარღვევს კანონს და ბოროტად გამოიყენებს საკმაოდ მაღალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კანონიც იყოს განჭვრეტადი და ეს ბუნდოვანება აღმოიფხვრას და ძალიან დეტალურად იქნეს გაწერილი თუ როდის რისი უფლება აქვს პოლიციას“.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ასევე ისაუბრა მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობის დროს.
„მოქალაქეების გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაში, როცა პოლიცია გააჩერებს და ფოტოს გადაუღებს, მოსთხოვოს პოლიციას მიზეზი და მოითხოვოს ოქმი, რადგან კანონით ვალდებულება აქვს პოლიციას, რომ ოქმი შეადგინოს. მოქალაქეს უფლება აქვს რომ მოითხოვოს ოქმი სადაც უნდა ეწეროს მისი გაჩერების, ფოტოს გადაღებისა და პოლიციაში გადაყვანის მიზეზი“.
არის თუ არა მოქალაქე ვალდებული მოახდინოს თავის იდენტიფიცირება პოლიციელის მოთხოვნის შესაბამისად?
„მოქალაქე ზოგადად ვალდებულია, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილოს. რა თქმა უნდა, არსებობენ კარგი და ცუდი პოლიციელები. ჩვენ ისე არ უნდა მივუდგეთ საკითხს, რომ თითქოს პოლიციას მხოლოდ ვალდებულებები აქვს და უფლებები არ აქვს, ანალოგიურად მოქალაქეებსაც აქვთ უფლებები და ამავდროულად აქვთ ვალდებულებები. მოქალაქე ვალდებულია პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილოს, გაუმხილოს მას ვინაობა და არ გაუწიოს მას წინააღმდეგობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, კანონიერ მოთხოვნაზე, რადგან კანონში ეს ესე პირდაპირ წერია, რომ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს. მოქალაქე ვალდებულია არ მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუშვებელია ამის წახალისება. არ მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუშვებელია ამის წახალისებაც. თუ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოზე გვაქვს პრეტენზია და კანონის უზენაესობაზე, ყველამ ჩვენი წილი კანონი უნდა შევასრულოთ“. - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა
სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს და მოითხოვოს ფაქტის გამოძიება და სამართალდამცველის დასჯა.
თუ პოლიციელი დიციპლინურ სამართალდარღვევას ჩადის მოქალაქეს შეუძლია დარეკოს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე - 126
თუ პოლიციელი სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ჩადის, თუ ეს არის დანაშაული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქემ უნდა მიმართოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ცხელ ხაზზე - 119
დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და მოპყრობის შემთხვევაში, თუ ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს პროკურატურას, ხოლო თუ ქმედება ადმინისტრაციულ დან დისციპლინურ სამართალდარღვევას მოიცავს მოქალაქემ უნდა მიმართოს შსს-ს გენერალურ ინსპექციას.
დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს.
რადიო „მარნეული“
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.