Jump to content
Planeta.Ge

ბადრი ესებუა - ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ - თავისუფლად გადავადგილდებოდი, მათ შორის, დედაქალაქში


ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში განაცხადა.

როგორც ის აცხადებს, ბანკის ძარცვის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო და თუ საკუთარ უდანაშაულობას საქართველოში ვერ დაამტკიცებს, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, სადაც ბადრი ესებუას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს.

„ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ მეც ბევრი მაქვს სათქმელი, სიმართლის დამტკიცების იმედი მაქვს, ხალხი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ამიტომ მათი იმედი ნამდვილად მაქვს.

ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. თუ აქ ეს მევახშეები და სახელმწიფო დამჩაგრავს, წავალ სტრასბურგში და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩვენს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა და მე ამას აუცილებლად შევებრძოლები“,- განაცხადა ბადრი ესებუამ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ მისი ძმა ბიძინა ესებუა უკანონო პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვს. ასევე აცხადებს, რომ მოგვიანებით იმ მიზეზებზეც ისაუბრებს თუ რატომ დატოვა ძალოვანი უწყება.

„სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა, მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი, ხან სოხუმში, ხან ბათუმში.

თუ რატომ წავედი შეიარაღებული ძალებიდან ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ, ოღონდ ახლა არა, ახლა ერთადერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩემი ძმა უკანონო პატიმარია და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. მათ კითხვები აქვთ ჩემთან, ამიტომ თუ რამე უნდათ მე მკითხონ და ჩემი ძმა გაათავისუფლონ“,- განაცხადა ბადრი ესებუამ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...