კადიროვმა თავი ჩეჩნეთის გმირის ოქროს მედლით დაიჯილდოვა
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, საკუთარი თავი დაიჯილდოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით, რომელიც გასული წლის ნოემბერში თვითონვე დააარსა.
მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართა მამულის დამცველის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს. დებულების თანახმად, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო პირს ენიჭება „გმირობის ჩადენისთვის“. მაგრამ არ არსებობს განმარტება, თუ რა გმირობა ჩაიდინა რამზან კადიროვმა.
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების სახელით და საკუთარი სახელით, გულწრფელად გილოცავთ რესპუბლიკის უმაღლესი წოდების, ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის მინიჭებას პირველი ნომრით. თქვენი დამსახურება ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინაშე ფასდაუდებელია და ის, გაზვიადების გარეშე, განსაკუთრებული შესწავლის ღირსია", - აღნიშნა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის მედალი დამზადებულია 750-ე სინჯის 70 გრამი ოქროსგან. მედლის ძირითად ნაწილზე გაკეთებულია წარწერა „კონახ“, რაც ჩეჩნურად „გმირს“ ნიშნავს. ქვედა ნაწილს ამშვენებს ლოზუნგი „ალაჰუ აკბარ. ახმატი ძალაა“. მედლის უკანა მხარეს კი ახლავს წარწერა „ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირი“.
ჩეჩნეთის გმირის ტიტულის მფლობელს ასევე გადაეცემა ფულადი ჯილდო და სარგებლობს სოციალური შეღავათებით. თავდაპირველად, თავად კადიროვი აცხადებდა, რომ მედლის გადაცემა იგეგმებოდა იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც უკრაინის ომში გამოიჩენდნენ თავს.
მანამდე, გასული წლის აგვისტოში, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი, რამზან კადიროვი თვითგამოცხადებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" (ლსრ) უმაღლესი ჯილდოს, გმირის წოდების მფლობელი გახდა. კადიროვის დაჯილდოების ცერემონიალი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა, ხოლო მისთვის პრორუსი სეპარატისტების მთავარი ჯილდოს გადასაცემად ჩეჩნეთში საგანგებოდ პირადად იმყოფებოდა ლსრ-ის ხელმძღვანელი, ლეონიდ პასეჩნიკი.
ჩეჩნეთის ლიდერის მედლებისა და საპატიო წოდებებისადმი ლტოლვა საყოველთაოდ ცნობილია.
არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა დროს რამზან კადიროვის მიღებული ჯილდოების, მედლებისა და საპატიო ტიტულების რაოდენობა 100-ს დიდი ხანია გადასცდა. მათი რაოდენობით კადიროვმა უკვე ჩამოიტოვა უკან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერი, ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც 111 საბჭოთა და უცხოურ ჯილდოს ფლობდა.
ჩეჩნეთის ლიდერმა ჯერ კიდევ 2004 წელს მიიღო რუსეთის ფედერაციის გმირის ვარსკვლავი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ხაზგასმულია „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში კადიროვის მიერ გამოვლენილი მამაცობა და გმირობა“.
ამის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა მიიღო დაახლოებით 30 სახელმწიფოებრივი და უწყებრივი ჯილდო. მათ შორის არის: „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში წარჩინებისთვის“, „სასამართლოს ბოქაულების ფედერალური სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, „აგროსამრეწველო კომპლექტის განვითარების“ და ასევე სხვა არაერთი სამსახურისა თუ სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული ჯილდოები.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.