ბექა ლილუაშვილი - დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვეუბნებიან, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ - სხვანაირად როგორ გვითხრან, რომ სხვა მხარეს წავედით?
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის იზოლაციური პოლიტიკა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას ნიშნავს და ქვეყნისთვის მშვიდობის ერთადერთი გარანტი ევროკავშირია.
როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვანიშნებენ, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ, რითაც გვეუბნებიან, რომ „სხვა მხარეს წავედით“.
„ცხადია, პრეზიდენტის განცხადება, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მოცემულ რეალობას სრულად შეესაბამება. ბუნებრივია, ჩვენ მოცემულობაში დაბალანსებული პოლიტიკის იდეა კრიტიკულია, მსგავსი პოლიტიკის სივრცე „ქართულმა ოცნებამ“ არ დატოვა. ის დასავლური ღირებულებების, დემოკრატიული ფასეულობების პირდაპირ ბოიკოტზეა გადასული. იზოლაციის პოლიტიკა საქართველოსთვის წარმოუდგენელია. ეს ან მიზანმიმართული ნაბიჯები ან გეოპოლიტიკური მდგომარეობის უცოდინარობაა. ჩვენთვის იზოლაციური პოლიტიკა, შედეგობრივად, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას ნიშნავს. ამ ქვეყანაში მშვიდობის ერთადერთი გარანტი ევროკავშირია.
უახლეს ისტორიაში, ბოლო 30 წელიწადია, ქართველ ხალხს ოცნებად აქვს გადაქცეული, რომ ჩვენ ევროპის სრულფასოვანი ნაწილი გავხდეთ. ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვეუბნებიან, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ. სხვანაირად როგორ გვითხრან, რომ სხვა მხარეს წავედით?“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ასევე, მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის განხილვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას სურს საქართველოში დასავლეთის მიმართ განწყობა შეცვალოს.
„თუ გახსოვთ, ხელისუფლება, მათ შორის ღარიბაშვილი, გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი შეაცდინეს და ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადი ნაჩქარევად შეავსებინეს.
ძალაუფლებაზე უარის თქმა ძალაუფლების გამოცდის ყველაზე რთული სატესტო ნაწილია. ის, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულება ვერ მოახერხა, ის, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მხარდაჭერას აპირებენ, ნიშნავს იმას, რომ სურთ რამენაირად ამ ქვეყანაში დასავლეთის მიმართ განწყობა შეცვალონ.
დავუშვათ, ეს კანონპროექტი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ იცი, რომ ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვან მომენტში შენს საერთაშორისო პარტნიორებს ამ კანონპროექტის შემოღებაზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ექნებათ, რატომ შემოგაქვს ის დღის წესრიგში დღეს? რას გიწყვეტს რვა თვე? მე მინდა, საზოგადოებამ ამ დროს მიაქციოს ყურადღება“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა განაცხადა, გიორგი გახარია ამბობს სიმართლეს, რომელიც ხელისუფლებისთვის მწვავე და კრიტიკულია.
„დღეს არის მომენტი, როდესაც სიმართლე, მით უმეტეს, გიორგი გახარიას თქმული, ხელისუფლებას ძალიან მწვავე კრიტიკად მოეჩვენება. გუშინ გიორგი გახარიას გამოსვლაში ძალიან ზუსტი აქცენტები ვნახეთ. ეს ვიღაცებს გულზე მოხვდათ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეალურად, მათ ეშინიათ. გიორგი გახარია ამბობს სიმართლეს, რომელიც ხელისუფლებისთვის მწვავე და კრიტიკულია“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.