გარდაიცვალა ბატალიონ „აზოვის“ მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც რამდენიმე თვე იმყოფებოდა რუსეთის ტყვეობაში
გარდაიცვალა უკრაინულ პოლკ „აზოვის“ პირველი ბატალიონის მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. უკრაინული მედიის მიერ მუდრაკის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ 35 წლის ოფიცრის სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია.
მუდრაკი უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა საზღვაო ქალაქ მარიუპოლს. 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის პოლკის ჯარისკაცები „აზოვსტალის“ ქარხანაში თითქმის ორი თვის განმავლობაში იყვნენ გამაგრებული. მაისის შუა რიცხვებში, უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანებით, მათ დატოვეს ქარხანა და რუსებს ჩაბარდნენ. რუსული მხარის ინფორმაციით, სულ ჩაბარდა თითქმის 2,5 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი. იგივე ციფრი დაასახელა ასევე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სექტემბერში, პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში, რუსეთმა გაათავისუფლა „აზოვსტალის“ მცველი ხუთი მეთაური და აზოვის პოლკის 108 ჯარისკაცი. გათავისუფლებულთა შორის იყო ოლეგ მუდრაკიც.
პატიმრები, მათ შორის მუდრაკი, დონეცკის რეგიონის სოფელ ელენოვკაში სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფებოდნენ. რუსული მხარის ცნობით, 29 ივლისს ობიექტის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა მომხდარში უკრაინის არმია დაადანაშაულა. მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ კოლონიაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. კიევში კი განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმა არ მომხდარა და აფეთქებებით რუსეთს სურს დამალოს აღნიშნულ ციხეში უკრაინელი პატიმრების მასობრივი მკვლელობები და წამება.
მუდრაკი ფართოდ გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც მწერალმა სტანისლავ ასეევმა აგვისტოში გამოაქვეყნა მებრძოლის ფოტო, რომელზეც ჩანდა, თუ რამდენად შეიცვალა იგი ტყვეობაში ყოფნის ასი დღის განმავლობაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.