ირაკლი კობახიძის თქმით, ჯაშუშები არიან პოლიტიკაში, მათ შორის აგენტები იყვნენ მათ პარტიაშიც
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯაშუშია. მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თქვა, რომ რამდენიმე აგენტი მათ პარტიაშიც იყო და ამ კონტექსტში ისაუბრა ეკა ბესელიასა და გია ხუხაშვილზეც, რომელებიც ახლა "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ.
"ჩვენს გუნდშიც იყვნენ, თავის დროზე, ასეთი ადამიანები. იყვნენ ასევე ჯაშუშის ჯაშუშები, ასე ვთქვათ, აგენტის აგენტები. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ზოგადად.
მარტო ინფორმაციის გატანაზე არ არის საუბარი, მათ ძალიან მძიმე როლი შეასრულეს სხვადასხვა ეტაპზე. მათ შორის, მათ მძიმედ დააზიანეს სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდი, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე მოვახერხეთ ამ პრობლემებიდან სათანადოდ გამოსვლა", - თქვა კობახიძემ, 22 თებერვალს.
მანვე აღნიშნა, რომ მათ პარტიაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჩანერგილი "ოპოზიციონერი" "აგენტები" იყვნენ.
"სიტყვაზე, ავიღოთ გია ხუხაშვილი, არასდროს არ მიხსენებია ეს კაცი, თვითონ ილანძღება ხოლმე. არის "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი. ვისაც უნდა სცოდნოდა, იმან იცოდა, საიდან იყო მართული, რაღაც მომენტიდან, ყოველ შემთხვევაში. ის 2013 წელს გუნდიდან იქნა გაშვებული. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ვერც გამოსწორდა, არ ვიცი, აგენტი, როგორ შეიძლება გამოსწორდეს. საბოლოო ჯამში, გარდა ამისა, ჩაერთო მძიმე საქმიანობაში.
მოგვიანებით, საინტერესო "კეისი" იყო, ასევე, ეკა ბესელია, რომელიც თავის დროზე იყო... ვანო მერაბიშვილის მრევლზე ვსაუბრობ. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან ძალიან მძიმე როლი შეასრულა. აქაც ინფორმაცია ვისაც უნდა სცოდნოდა, ვიცოდით. ეს იმდენმა ადამიანმა იცოდა..." - თქვა კობახიძემ.
ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი რუსული ინტერესით მოქმედებს ქვეყანაში.
"ირაკლი კობახიძის ჯანმრთელობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ხარჯებს ვანაზღაურებ, რაც შეიძლება სწრაფად რომ ჩაუტარდეს. პარლამენტი ხომ გადაწვა ამ "გავრილოვის" შიკრიკმა და ახლა ქვეყანას მიადგა რუსული დღის წესრიგით და მარია ზახაროვას ასისტენტობა შეითავსა", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.
ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში უპასუხა გია ხუხაშვილმაც: "ასეთი დასკვნა გავაკეთე - ახლა სააკაშვილის კი არა, კობახიძის ჯანმრთელობაა მთავარი საზრუნავი".
"აგენტების" საკითხი მას შემდეგ გახდა ერთ-ერთი მთავარი თემა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" დაარეგისტრირა. მოძრაობა "ხალხის ძალა" გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.