Jump to content
Planeta.Ge

წულუკიანს სასამართლო დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო


„პუბლიკა“

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 23 თებერვალს, სასამართლო დავა მოიგო წულუკიანის საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა.

მათი ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია გიორგი ჯამბურიას ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლება. მის ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ის ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ.

გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

გიორგი ჯამბურია სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება.

„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით. შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიაზიარა, “- ამბობენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.

ორგანიზაცია გეგმავს, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც კომპენსაციის ოდენობა 2000 ლარით განისაზღვრა, რაც, მათი შეფასებით, შეუსაბამოდ დაბალი ოდენობაა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს დავას როგორც მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების საქმეებზე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...