Jump to content
Planeta.Ge

თბილისში ოჯახი ძალის გამოყენებით გამოასახლეს | ვიდეო


თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს სახლიდან ასახლებენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ისინი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოჰყავთ.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიუროს თანამშრომლები ღობიდან გადადიან ეზოში და ხელბორკილებს ადებენ, ვინც ხელის შეშლას ცდილობს. აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ხის კარი უროთი შეამტვრიეს და ადამიანები სახლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე, ხედავთ, როგორი ძალმომრეობითი ქმედებით… მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი აღსრულება ჰქვია პროცესს… თუმცა ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. ასევე, მოვითხოვთ კრედიტორის დასწრებას. ამას კანონი ითვალისწინებს, თუმცა საქართველოში ძალმომრეობითი ქმედებით ხორციელდება ეს პროცესი.

სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს; არსებობს დანაშაულის ნიშნები; დაყადაღებულია ქონება. სამწუხაროდ, გამოძიების დასრულებამდე ხდება ამ ქონების გამოთავისუფლება, რაც წესით არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოსახლების პროცესი საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს და ბიუროს მისი გადავადების საფუძველი არ ჰქონდა.

„აღნიშნული საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია 2020 წლის მარტში. ამ პროცესის საფუძველი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ამის საფუძველზე ხდება დღეს გამოსახლება.

3 წელია, ეს საქმე შემოსულია ბიუროში. ამ 3 წელში გამოსახლების პროცესი შეჩერებული იყო როგორც პანდემიის პერიოდში, ასევე მორალური პრინციპების საფუძველზე და დროის მიცემის მიზნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ერთხელ გადადო ეს გამოსახლება.

3 წელი ჩართულები იყვნენ მხარეთა ინტერესების მენეჯერები, სოციალური მუშაკები. ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იყო ყველა მხარესთან. ბოლო შეხვედრა გუშინ გაიმართა ბიუროს ოფისში, თუმცა მხარეებმა შეთანხმება მთელი სამი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს.

არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადაგვედო აღსრულების პროცესი, არ გვქონდა.

მოვალე მხარეს აქვს მიმართული პროკურატურისთვის, მიმდინარეობს საქმის გამოძიება პროკურატურაში და რადგან ეს მიმართვა არ აჩერებს გამოსახლების პროცესს, ჩვენ ვურჩიეთ მხარეს, მიემართა სასამართლოსთვის და სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე მოეთხოვათ აღსრულების შეჩერება, თუმცა მათ არ მიმართეს და არ შეუჩერებიათ. აღსრულება თავისით ვერ შეჩერდება, კანონში ნორმა არ არსებობს“, – განაცხადეს უწყებაში.

შეკითხვაზე, რამდენად ჯდება კანონის ფარგლებსა და ბიუროს უფლებამოსილებაში ის ფორმა, რა ფორმითაც ოჯახი გამოასახლეს, აღსრულების ბიუროს პრესსამსახური განმარტავს:

„აღსრულების ეროვნული ბიურო ეს არის იძულებითი ღონისძიების გატარება. იძულებითი აღსრულება ხდება, თორემ ნებაყოფლობით რომ მომხდარიყო შეთანხმება, პროცესი სხვანაირი იქნებოდა, ვინაიდან პროცესი არ მოხდა, დღეს არის იძულებითი გამოსახლების პროცესი. შესაბამისად, აღსრულების პოლიცია იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც გაწერილია კანონში.  სხვა ისეთი, რაც კანონში არ წერია, არ ხდება. განხორციელდა იძულებით კარის გაღება, ბუნებრივია, ასე ყველა ჩაკეტავს კარს. ჩახერგეს ჭიშკარი, შესაბამისად, აღსრულების პოლიციამ იძულებით გააღო ეს კარი, ასევე კანონში წერია, რომ აღსრულების პოლიციელისა და აღმასრულებლისთვის იძულების ღონისძიების დროს ხელის შეშლა არის აკრძალული. აქედან გამომდინარე, ის, ვინც ხელს შეუშლის, არიდებული იქნება ტერიტორიიდან. გარიდებაც, მოგეხსენებათ, უნდა გაიყვანონ. იყო მოწოდებებიც, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო“, – განაცხადა მან.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...