Jump to content
Planeta.Ge

შემოსავლების სამსახურმა ახალი საინფორმაციო პორტალი აამოქმედა


დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის, infohub.rs.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემები.

როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი – მნიშვნელოვნად გამარტივდება.

„Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა.

Infohub-ი წარმოადგენს ერთიან მიდგომაზე დაფუძნებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას.

Infohub-ი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს, მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით მომზადდა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, www.rs.ge-ზე განთავსდა საინფორმაციო ბროშურა და ვიდეოსახელმძღვანელო.

ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზის, საინფორმაციო-საძიებო პლატფორმის, Infohub-ის შექმნის პროექტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2021 წლიდან მიმდინარეობდა და მასში აქტიურად იყო ჩართული საჯარო და კერძო სექტორი“, – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ციფრული ჰაბის, Infohub.rs.ge-ს საექსპერტო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...