2022 წელს რუსეთიდან საქართველოში 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს.
კვლევაში მოცემულია რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების სტატისტიკაც. TI-ის მიხედვით, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. გასულ წელს რუსეთიდან სულ 1.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა.
ეს მონაცემი 26%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცალკე აღებულ სექტემბერ-დეკემბერში 2022 წელს რუსეთიდან 14%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში. რუსეთში „ნაწილობრივი მობილიზაცია“ პუტინმა სწორედ სექტემბერში გამოაცხადა.
ამასთან 2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება. „ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია“, – წერს TI.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევით, აღსანიშნავია ის მოცემულობაც, რომ 2022 წელს საქართველოში 15 000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 16-ჯერ მეტია. საქართველოში სულ 22 400-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი 66% უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
„გასულ წელს დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა“, – წერს TI.
კვლევის მიხედვით, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების ნაწილის ხანგრძლივად დარჩენის მიზანზე მიუთითებს ისიც, რომ 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მილიარდ ლარს მიაღწია.
„2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს.
რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. ამას მიანიშნებს კომპანიების რეგისტრაცია და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში 10 ათასობით ანგარიშის გახსნა და განთავსებული დეპოზიტების მოცულობა“, – წერს TI.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.