Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - ლუკაშენკოს შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან არის ოცნების საგარეო პოლიტიკის სრული კრახის და დასავლეთის მტრად გამოცხადების შედეგი


პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ლუკაშენკოს შეხვედრა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან არის ოცნების საგარეო პოლიტიკის სრული კრახის და დასავლეთის მტრად გამოცხადების შედეგი.
შედეგი იმისა, რომ ოცნებამ ფსონი უკრაინის დამარცხებაზე დადო, ისტორიის არასწორ მხარეს დადგა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და შესაბამისად, გარანტირებული გრძელვადიანი მშვიდობა.
ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წლის 18 სექტემბერს მოვუწოდეთ ხელისუფლებას სათანადო პოლიტიკური რეაგირება მოეხდინა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე, შეეწყვიტა საქართველოს სუვერენიტეტის გარანტორებზე თავდასხმა და აქტიურად ემუშავა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლებას არათუ სათანადო პოლიტიკური რეაგირება არ მოუხდენია საერთაშორისო სამართლის ნორმების უმძიმეს დარღვევაზე, არამედ დღემდე მომსწრე ვართ ხელისუფლების უპრეცედენტო ანტი-დასავლური კამპანიისა და რუსეთის მაამებლური პოლიტიკისა.
ოცნებამ სამიზნედ გაიხადა და მტრად გამოაცხადა საქართველოს ნამდვილი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ და საქართველოს ფარად ეფარებიან რუსული აგრესიისგან დასაცავად.
ოცნების პოლიტიკა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სანამ ბოლომდე დაიხურება შესაძლებლობის ფანჯარა, გონს მოეგოს, მიმდინარე პროცესს მისცეს სათანადო პოლიტიკური შეფასება, შეწყვიტოს აშშ-სა და ევროკავშირზე თავდასხმა და მოახინოს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია ყველა პლატფორმიდან!
საქართველოს ეროვნული ინტერესების მტრობა ის წითელი ხაზია, რომლისთვისაც პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
ჩვენის მხრივ, აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან, გამოვიყენებთ ყველა რესურსს და კონტაქტს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.", - ნათქვამია განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...