Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    407.926

შუშის კარიერის გენერლები ქართულ რეალობაში, ანუ უგულავას ცოლის დაქალების ფატალური ტანგო


katya

3.918 views

blog-0743206001360444162.jpgრეალობას ჩვენ ვუწოდებთ, „უბრალო“ და „ ჩვეულებრივ ხალხი“, ანუ „მასა“, ანუ „ბრბო“, თორემ არაჩვეულებრივები და „წარმატებულები“ მაგას პოლიტიკას უძახიან.

მოვლენების რეალური შეფასების ნაცვლად „კომენტარსაც აკეთებენ“ და შიგადაშიგ კოაბიტაციობენ კიდეც ყველა მიმართულებით და ყველა მნიშვნელობით, ზოგჯერ „გაგებითაც“.

–„მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხიო“,– გაიგეთ, რა თქვა მიშამ?

ცოტა რთულად წარმოსადგენი კია სააკაშვილი და მისი გუნდი ქართველი ხალხის სამსახურში, მაგრამ სხვა გზა არაა, თავი მაინც უნდა მოიკატუნოთ! ასეა საჭირო და მიტომ...

ბოლო დღეებია, ისეთი განწყობა მაქვს, რომ მოქმედ გენერალურ პროკურორს სიტყვაზე მინდა ვენდო, ყოველგვარი მხილებულებების და მოწმეთა ჩვენებების გარეშე. მოქმედს, თორემ მისი წინამორბედის სიტყვა მხოლოდ ერთეულებს აქვთ გაგონილი. მისი მრავლისმეტყველ–მომსწრე და დამსწრე ფიგურა ჟესტების ენით გამოხატავდა „ნაციონალური ელიტის“ განწყობას. ან რად უნდა ბევრი ლაი–ლაი მაგას?

უმარტივესია: ამას – სიკვდილი! იმას – ჩამოხრჩობა.

უკვე იმ ასაკში ვარ, როცა ვიცი – ხელი არ უნდა შეუშალო უფსკრულში გადაჩეხვაში მას, ვინც, თავის დროზე, მაგ საქმეში სხვებს „ეხმარებოდა“ .

კარგი გამოგონებაა ბუმერანგი! ჭკუის კოლოფა ავსტრალიელი ჰომო–საპიენსების ქროლვის თეორიას თანამედროვე პოლიტ–განათლებაში თუ ჩართავენ, არ იქნება ურიგო, მათივე პროფესიული უნარ–ჩვევებისთვის.

ეჰ, რა ახლოს იყო პირველყოფილი ადამიანი ჭეშმარიტებასთან!

ჰოდა, იმას ვამბობდი, – თუ უნდათ უფსკრული, მე ვინ ტიკი–ტომარა ვარ, ხელი შევუშალო? ამიტომაც გადავწყვიტე, კრიტიკასაც შევეშვა მოქმედი „უმცირესობის“ მისამართით, თორემ, ვაიდა, ღმერთი გაუწყრეთ, კრიტიკა ობიექტურად და საგულისხმოდ მიიჩნიონ, ამას საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ.

ვერც უმცირესობის წარმომადგენელ ირმა ნადირაშვილს ვაპატიებ ისეთი „ცუდი“ და „უცენზურო“ სიტყვების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად „მხედრიონი“...

თუმცა, იქ, სადაც ვანო მერაბიშვილმა, ჩვენს თვალს წინ, არგუმენტების ენა აიდგა, უკვე აღარაფერი გამაკვირვებს. მისი გუშინდელი არგუმენტი წინა ხელისუფლების „შეცდომებთან“ დაკავშირებით, მომაკვდინებელი თუ არა, შოკისმომგვრელი იყო საზოგადოების „ჩვეულებრივი“ ნაწილისთვის.

ხომ ვამბობდი, უმადური და დაუნახავი ერი ვართ! იმასაც ვერ მივხვდით, რომ „ისინი“ „იმას“ „იმისთვის“ სჩადიოდნენ, ანუ აშავებდნენ, რომ „ამათ“ ანუ დღევანდელ ხელისუფლებას მათ „შეცდომებზე“ ესწავლათ.

ყოფილი პირველი პოლიციელის ტექსტი დაახლოებით ასე ჟღერდა: „რა გიყვეს, ჩემო სავლე...“

ვანო გუშინ იყო ქართული პოლიციის დიდი ჭირისუფალი, თუმცა თალხი არ ემოსა, თვალის უპეების მოხაზულობა და „სიტყვის კონა“ ცხადყოფდა (თუ გინდათ ნაძლევს ჩამოვალ, რომ ვანო ამ სიტყვას ვერ გამოთქვამს) ყოფილი რეფორმატორის სამგლოვიარო განწყობას. „ნელ–ნელა, თანდათანობით დავბრუნდებით ხელისუფლებაშიო“,– თქვა მან. თუმცა ამ ფრაზის შიფრი ან ადამიანური ვერსია, ჩემო იმანო, სეიფში ექნება ჩაკეტილი და, სავარაუდოდ, ვერასოდეს გავიგებთ.

მაგრამ, ვანო რა ყავაზე კრუასანად მოსატანია, როცა ენაბრგვილობა ბოლო ხანს თვით ორატორთ–ორატორ მიხეილსაც დასჩემდა. თუმცა მაგისას რას გაიგებ – როდისაა გულწრფელი, როცა ლენჩს ამბობს და ლინჩის გულისხმობს თუ პირიქით?

მაგრამ ეს არაა მთავარი – მთავარი ისაა, რომ ამჟამად ახალ ოცნებაზე მუშაობს, სახელად

„ ერი–ნაციონალური პროექტი“. ის წინა 2 პროექტი – „ანაკლია“ და „ლაზიკა“ თხამ შეუჭამა ბიბლიოთეკიდან გამოტანილი და ხის ძირას დარჩენილი წიგნივით.

ბიბლიოთეკა ნაციონალებისთვის ფატალური ადგილია. ეგ კიდევ ბევრს შეიწირავს, ისე, როგორც თბილისის (ჯერ კიდევ) მერის მზრუნველის იმიჯი აღგავა პირისაგან მიწისა მისმა მიმდებარე ტერიტორიამ.

ასეთი რა ქამარი შემოიჭირა დედაქალაქის მერიამ, არ ვიცი. ის კი ყველამ დავინახეთ, რომ ქალაქის ქუჩაში შოუებს უგულავა უკვე თავად აწყობს, ალბათ ეკონომიის მიზნით, თორემ დასაქმების პრობლემა ხომ ამ ქალაქში აღარ არსებობს.

გუშინდელი დღე თავისი მოლოდინებით გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. პრეზიდენტმაც მოგვმართა, შოუ სავარაუდო სათაურით – „ძალადობა,“ შედგა, „კომენტარებიც გაკეთდა“, კადრებიც დაიდო, შეაფასეს, გადააფასეს, აწონ–დაწონეს და ჟანრად ისევ ფარსი არჩიეს.

თუმცა პიესის მთავარ გმირებს ფარდის დაშვება დაავიწყდათ და შორეული ქანდარიდანაც, პენსნეს გარეშეც კარგად ჩანს კულისებში მიყრილ–მოყრილი ჭუჭყიანი საცვლები.

და ნეტარ არიან მორწმუნენი, როცა ფაქტები სარწმუნოა...

ბუნტის თავები, მამები და მამიდები საპროტესტო აქციების გააქტიურებით იმუქრებიან. გაფიცულთა რიგი უახლოეს მომავალში მეეზოვეებს უწევთო. ეს ის ყბადაღებული დასუფთავების სამსახურია, მთელი თბილისის ნაღები რომაა დასაქმებული ნაციონალურ საწყისებზე.

მრეცხავები ალბათ დათბობას ელიან, რომ მათი პროტესტი უფრო ეფექტური იყოს ოფლიანობის ნიადაგზე. ახლა კი მივხვდი, რატომ დაიდგა და რატომ ჩაიყარა ამხელა კაპიტალი მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები.“

ეწყინება უმცირესობას აბა არ ეწყინება? მაგათ ყველაზე ჭახჭახა სახე – გურამ დონაძეს– დღეს 25 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს და „მოძალადე ბიბლიოთეკარები“ 100–100 ლარად გამოყარეს ქუჩაში. მერე იტყვიან, სამართლიანობა აღვადგინეთო!

სად დაიარება მერე ეგ თქვენი ბეცი თემიდა? მაგანაც ვერ დაინახა გუშინ ვინ რით იყო დაკავებული? ყველაზე მეტი ჯაფა აკოს და გიგას დაადგათ, ხუმრობა საქმე ხომ არაა, სისხლიანი და ჩვეულზე გაცილებით აგრესიული ჩიორას ფრთის ქვეშ შესმა? თან ტექსტი არ უნდა დაგავიწყდეს, მიმიკა შესაბამისი და ყველა კამერისკენ ნაბიჯით იარ! პარტიის მომავალს და მათ მომავალსაც ასე სჭირდება.

ამბობენ, პროკურატურიდან ყველა გზა გიგისკენ მიდისო. თან, ეს ჩვენი მერი, არც მეტი, არც ნაკლები, ოჯახური კლანის წევრიც ყოფილა.

სიცილიაში „ბელა მაფია“ ნავარდობს, თბილისში – „ლელა მაფია“. ლელა, ჩვენი, დეკანოსიძე კი არა, კილაძე. ანუ მერის ცოლი, ქალაქის პირველი ლედი და ყველა „გაჭირვებულის“ ჭირისუფალი. დიდი ცოდვა–ბრალიანო და ქვრივ–ობოლ–გამკითხავი დიაციაო ამბობენ ეს ლელა. დიდი ოფლი ჩაუღვრია თანამედროვე თბილისური კულტურის ჩამოყალიბებაში. პრინციპში, სადაც დავით ბაქრაძის ცოლს ქართული ფეშენ–ვიკი ჩააბარეს, კილაძე მაგ ფონზე კია მადამ დე პომპოდური.

ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამსო! ასე ამბობდნენ ჩემს ბავშვობაში და ახლა ისეთი დროა, ვინც მუშაობს, იმას ჭამის დრო არც აქვს. ჰოდა ჭამენ მუქთა–ხორები.

მოკლედ, თუ ვინმემ მოლოდინი ვერ გაგიმართლათ, მათგან არც თავის მართლებაა მოსალოდნელი. როცა ვიღაცის მხრებიდან თავი ვარდება, სახის კანზე დიდად აღარ ფიქრობენ.

დამშვიდდით! სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას არ აპირებს, მას მოთხოვნები ეხერხება და მოითხოვს კიდეც. უნდა რომ სასწრაფოდ წაგვერთვას მეხსიერება, დავკარგოთ რეალობის აღქმის უნარი და ვიაროთ გაღიმებულებმა, თუნდაც ჭიანაჭამი კბილებით, – წერეთლების შთამომავალმა ჩვენმა პრეზიდენტმა ასე დაგვიბარა...

P.S.

არ იცით თქვენ, რა შეგრძნებაა, დილით სამსახურში მიმავალს, გაჩერებაზე თბილისის ზღვის მაღლობიდან ველოსიპედით დაშვებული ჭუტალა სიცილაკი რომ შემოგძახებს – გამარჯობა მეზობელო!–ს და იმ ჭუტალა თვალს კიდევ უფრო ჩაგიპაჭუნებს. რა ჯანდაბა უნდათ ჩინელებს ჩემს გაჩერებაზე? ეგ გრძელი ამბავია, გიგიმ იცის, კიდევ ვანომ და პროკურორყოფილმა. ისიც სიმბოლურია, იმსიშორიდან გიგის გახსნილ „ნუგეშის“ ჯიხურში რომ მორაწკუნებენ სურსათის შესაძენად. თუ სწორად მახსოვს, ეგ ქსელი, თავიდან, პენსიონრებისთვის იყო ჩაფიქრებული.

ღმერთო! არ მომასწრო პენსიონერ ჩინელებს ჩვენს ქალაქში!

კატო ჩულაშვილი

4 Comments


Recommended Comments

"ღმერთო! არ მომასწრო პენსიონერ ჩინელებს ჩვენს ქალაქში!" –მაგი არც მე მინდა ,ისე კატო იტალიაში ბევრი ჩინელია,ასეთი მუყაითი მშრომელი და პატიოსანი ქართველები ვიყოთ კარგი იქნებოდა
ლინკი
მარტო ჩინელებზე რო აკეთებენ ეს ხალხი აქცენტებს,რატომ იმაზე არ ფიქრდებიან რო გენით ყველა არა ქართველი ეგეთი საშუალებებითაა აქ ჩამოსახლებული (ანუ ჩამოთესლილი) !რა დაუნათესავდით და გაუპრავეთ?
ლინკი
×
×
  • შექმენი...