100 მილიონ დოლარზე ნაკლებია გრანტები, რომლებსაც სახელმწიფო უცხოური წყაროებიდან იღებს - კობახიძე
უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, რომ საქართველოს მთავრობაც იღებს უცხოურ გრანტებს, რომლითაც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა ეს დახმარებაც ჩაითვალოს უცხოურ გავლენად და რა განსხვავებაა მასსა და კანონპროექტით გათვალისწინებულ დაფინანსებას შორის.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტის, დაახლოებით, 1%-ს შეადგენს და ხელისუფლება ფილტრავს და იღებს ისეთ გრანტს, რომელიც კეთილშობილურ მიზანს ემსახურება.
„მთლიანობაში $100 მილიონზე ნაკლებს შეადგენს ის გრანტები, რომელთაც სხვადასხვა საერთაშორისო წყაროდან იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს ბიუჯეტის, ალბათ, 1%-ზე ნაკლებია. არავითარი არსებითი წყარო ეს არ არის ბიუჯეტისთვის.
რაც შეეხება კანონპროექტს, იქ არის 20%-იანი ზღვარი ჩადებული. ამითაც განსხვავდება ამერიკული და რუსული ვარიანტებისგან, სადაც 0 ცენტიდან ან რუბლიდან, ლაკას [ელენე ხოშტარია] ტერმინებით რომ ვისაუბროთ, 0 ცენტიდან და რუბლიდან იწყება კონკრეტული სუბიექტის გამოცხადება აგენტად.
რაც შეეხება ბიუჯეტს, 1%-იც არ ფინანსდება გრანტებიდან. როგორც ბიუჯეტია გამჭვირვალე, ასევე უნდა იყოს გამჭვირვალე ინფორმაცია ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს დაფინანსება შეიძლება ემსახურებოდეს კეთილშობილურ მიზნებს ან არა, ამას სახელმწიფო არ არჩევს, ერთადეთი ვინც უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან კეთილშობილური და არაკეთილშობილური მიზნები, ეს არის საზოგადოება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას არ შეუძლია, გაფილტროს სხვა ორგანიზაციების მიღებულ გრანტები, ამიტომ კანონპროექტი უზრუნველყოფს მათ გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას, რის შემდეგაც, მისი თქმით, ხალხი თავად გადაწყვეტს, რომელი ორგანიზაცია ემსახურება კეთილშობილურ მიზანს.
„სახელმწიფო თვითონ ფილტრავს გრანტებს და სახელმწფიოსთვის მისაღებია მხოლოდ ის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას საქართველოში. მაგალითად, არის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის აღდგენას. აქ სახელმწიფო თვითონ ფილტრავს და იღებს ისეთ გრანტს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს, ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესებს.
რაც შეეხება სხვა გრანტებს, იქ სახელმწიფო ვერ ფილტრავს ასეთ გრანტებს და არის რისკი იმისა, რომ ვიღაცამ უცხოური გავლენა არაკეთილშობილური მიზნისთვის გამოიყენოს. თეორიულად, ნებისმიერი წყარო შეიძლება იყოს, კანონი ვერ გამიჯნავს, კანონი ხომ ვერ ჩაწერს დასავლეთს, აღმოსავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთს. კანონი უნდა იყოს ზოგადი.
შეიძლება იყოს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს მტრული მიზნები, არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ მასაც შეიძლება ამოძრავებდეს სუვერენიტეტში შეჭრის ინტერესი, გამიჯვნა შეუძლებელია კანონის დონეზე, ეს მოსახლეობამ უნდა გაარჩიოს, გამჭვირვალე ხდება ინფორმაცია საზოგადოებისთვის და მან უნდა იმსჯელოს, რომელი გრანტი ემსახურება კეთილშობილურ მიზნებს და რომელი არა“, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსული კანონი ამერიკული კანონის ანალოგია და ორივე არის „სრული კატასტროფა“. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის ქართული და ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობაში.
„გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა, კიდევ ერთხელ, ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, შემიძლია გითხრათ როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რუსული კანონი ამერიკულის ანალოგია.
რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, ის არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით რუსული და ამერიკული კანონებისგან და ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი, ლაკონიური კანონი“, – განაცხადა მან.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტს წაკითხული არ აქვს არც ამერიკული, არც რუსული კანონი და განცხადება მან ემოციურ ფონზე გააკეთა.
„საერთოდ არაა კანონპროექტის განხილვა დაწყებული და ვეტოს აცხადებს პრეზიდენტი. შინაარსი არ იცის და აცხადებს ვეტოს, ეს ღიმილისმომგვრელია. ის აცხადებდა კამპანიის დროს, რომ არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასეთი რამე მარგველაშვილსაც არ უკადრია, რომ განხილვაც არაა დაწყებული და უკვე ვეტოს ადებს კანონს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს“, – თქვა მან.
საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ.
კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ.
ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება.
ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.
ვენეციის კომისიის განმარტებით, „უცხოური აგენტის“ ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.