ანრი ოხანაშვილი - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ამის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ხალხს არ აქვს წაკითხული, არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტსაც არ ჰქონდეს სრული ინფორმაცია და ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ცილისმწამებლურ განცხადებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგენელია დემოკრატიასთან.
ამასთან, მისივე განცხადებით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ ფინანსებზე და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება.
„ყველას აქვს გარანტირებული საკუთარი პოზიციის გამოხატვა, რაც ჩვენი გუნდის მონაპოვარია და ამის გამო შევიწროვებას არავინ განიცდის, ეს 2012 წლამდე ხდებოდა. აზრის თავისუფლად დაფიქსირება ლეგიტიმურია ისევე, როგორც ის, რომ ვინმეს კანონპროექტი არ მოსწონდეს, თუმცა დემოკრატიასთან შეუთავსებელია სიძულვილის ტირაჟირება, რომ კანონპროექტი არ მოგწონს. ხალხს კანონპროექტი არ აქვს წაკითხული, მათ შორის არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტს სრული ინფორმაცია არ ჰქონდეს კანონპროექტზე და ამ ინფორმაციის არქონის მიუხედავად, აკეთებენ ძალიან მძიმე, ცილისმწამებლურ განცხადებებს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია კონკრეტულ ფინანსებზე. საზოგადოებას ლეგიტიმური უფლება აქვს, იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება.
გამჭვირვალე პროცესი მნიშვნელოვანია სწორედ დემოკრატიისთვის. ჩვენთვის ეს პრინციპი მისაღებია, სხვა მხრივ, კანონპროექტის სიღრმისეული შესწავლა მოხდება. ვსწავლობთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ეს კანონი მხოლოდ რუსეთში არ მოქმედებს, მოქმედებს ისრაელში, უნგრეთში, სხვადასხვა მოდიფიკაციით. ამ ყველაფერს ვსწავლობთ. ჩვენთვის მიუღებელი არ არის იმაში, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს, ქვეყანაში რა ფინანსები იხარჯება და როგორ ხდება ამ ფინანსების გადანაწილება. რა თქმა უნდა, გაერო, ევროკავშირი, ევროპის საბჭო, რომელთა წევრები ვართ და ვისკენაც მივისწრაფვით, მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებსა და პროექტებს საფრთხე არ უნდა შეექმნას და ეს არც არის გათვალისწინებული. წინმსწრებად დასკვნების გაკეთება, თითქოს ეს უკვე პრაქტიკულად კანონია, არათავსებადია და წარმოუდგენელია დემოკრატიასთან. იქნება მსჯელობა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს“.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.