ვოლოდიმირ ზელენსკი - სწორედ ახლა, სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სწორედ ახლა უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდოემიმართავში განაცხადა.
ზელენსკიმ კიევში ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის მოკავშირეობა მშვიდობას აძლიერებს.
„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი. პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ უკვე მიმდინარე წელს ყველაფერი რუსეთის მიერ დაწყებულ ომში ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის. ეს ომი ცხრა წლის წინ დაიწყო, ფართომასშტაბიანი ომი კი გასული წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სწორედ ამ წელს შესაძლებელი იყოს, დაესვას წერტილი რუსეთის აგრესიას, გათავისუფლდეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და როგორც ჩვენმა სახელმწიფომ, ისე ევროპის ყველა ერმა, რომლებსაც თავისუფლად და მშვიდობიანად ცხოვრება სურთ, მიიღონ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები. ამისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯები ცნობილია. ჩვენი საბრძოლო საჭიროებები ამისთვის ცნობილია. ჩვენი პარტნიორებისთვის ასევე კარგად ცნობილია, თუ რა აქტიური მოქმედებებია ამისთვის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, ფრონტზე ჩვენი მეომრების მოქმედებები. საჭიროა მხოლოდ სიმტკიცე. დღეს მე დავინახე პრეზიდენტ ბაიდენის და ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი სიმტკიცე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ხელისუფლებას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის, რომელიც, მისი თქმით, გააძლიერებს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ უკრაინელ სამხედროებს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მუშაობს შორ მანძილზე მოქმედი და სხვა სახის შეიარაღების მომარაგებისთვის.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მიმდინარე კვირაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი მოვლენებია დაგეგმილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.