რუსუდან დაუშვილი: ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც მარტო საკუთარი ძაღლები უყვართ და სხვა - არა, ან მხოლოდ იმიტომ ჰყავთ ძაღლი, რომ მოდურია და ყველას ჰყავს
წინა კვირას სოციალური ქსელების მეშვეობით დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. საუბარია, ქუჩის ძაღლების დახოცვის ფაქტზე. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხდებდნენ, მათი ქალაქის ცენტრში სამი მიუსაფარი ძაღლი ერთდროულად ერთნაირი სიკვდილით, მოწამვლის სიმპტომებით მოკვდა. მათგან ერთ-ერთმა, რამდენიმე დღით ადრე, ბავშვს უკბინა, ამის შემდეგ კი ძაღლის მოკვლით ბავშვის დედა იმუქრებოდა. მუქარის დამადასტურებელი საბუთი საზოგადოებას მათ ეგრეთწოდებული სქრინების სახით წარმოუდგინეს და გამოთქვეს ეჭვი, რომ მშობელმა მუქარა შეასრულა და არა მარტო ერთი, სხვა ძაღლებიც მოწამლა.
აღნიშნულ ფაქტზე საქმე ცხოველზე ძალადობის მუხლით უკვე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს.
ზოგადად, ქუჩის ძაღლების საკითხი ქვეყანაში ერთ-ერთ მოუგვარებელ პრობლემად რჩება, ცხოველთა დამცველები ხელისუფლებისგან ცხოველთა მოპყრობის შესახებ არსებული კანონების გამკაცრებას ითხოვენ, ცხოველთა მოძულენი, საერთოდ, ქუჩის ოთხფეხების მოსპობას ან თავშესაფრებში გადაყვანას ემხრობიან. გამოსავალი კი არ ჩანს.
აღნიშნული საკითხის გარშემო დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემა ცხოველთა უფლებების დამცველ რუსუდან დაუშვილს ვთხოვეთ.
- დუშეთში მომხდარი შემთხვევის შესახებ რომ ვისაუბროთ, რა გახდა ძაღლების სიკვდილის მიზეზი და დადასტურებულია თუ არა, კონკრეტული პირის ბრალეულობა?
- გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს ბავშვმა მაშხალა აუფეთქა ფეხებთან, რამაც მისი აგრესია გამოიწვია. მშობელი აცხადებდა, რომ მისი შვილი ძალიან იყო დაკბენილი, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფოტოები, რაც ამ ფაქტს დაადასტურებდა, არსად არ გამოუქვეყნებია.
შეიძლება ბავშვს მართლაც უკბინა ძაღლმა, მაგრამ ეს არ აძლევდა მშობელს იმის უფლებას, რითაც იმუქრებოდა. სოციალური ქსელის მეშვეობით, დედა რამდენიმე დღე სისტემატიურად წერდა, რომ უცდიდა იმ ვადის გასვლას, რაც საჭირო იყო ცოფის გამოსარიცხად და შემდეგ აუცილებლად მოკლავდა ძაღლს. ,,ფეისბუქზე“ ძაღლის ფოტოებსაც დებდა.
მართლაც, როგორც კი საჭირო 10 დღეზე ცოტა მეტი გავიდა, დუშეთში არა მარტო ის ერთი კონკრეტული ძაღლი, არამედ რამდენიმე ქუჩის ძაღლი ერთდროულად, ისეთი სიმპტომებით მოკვდა, რაც მოწამვლას ახასიათებს.
ამის შესახებ ეჭვს ცხოველთა მოყვარული ადგილობრივი მოქალაქეები გამოთქვამენ.
- ძაღლების სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა თუ ჩატარდა?
- საქმე აღიძრა და გამოძიების ფარგლებში, ძაღლებს ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. როგორც მე მაცნობეს, დადგინდა, რომ მათი სიკვდილის მიზეზი ტვინში სისხლის გაჟონვა გახდა, რაც შეიძლება რომელიმე მედიკამენტის მიღებას გამოეწვია. თუმცა, ზუსტად რა სახეობა შეიძლებოდა ყოფილიყო ან ნამდვილად წამალმა იმოქმედა, თუ არა, ამის სიღრმისეული კვლევა, სამწუხაროდ, ჩვენთან არ ტარდება. ფაქტი ისაა, რომ დუშეთში ერთნაირი სიკვდილით 5 ძაღლი ერთდროულად მოკვდა.
გამოძიება გრძელდება და ვნახოთ, საბოლოოდ რა შედეგი დადგება.
- როგორც აღმოჩნდა, იმ ოჯახს, ვისაც ცხოველთა უფლებების დამცველები ძაღლების სიკვდილში ადანაშაულებენ, თავადაც ჰყოლიათ სახლში ოთხფეხა მეგობარი. მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილს ქუჩის ძაღლმა უკბინა, შურისძიების ასეთი გრძნობა რატომ უნდა ჰქონოდათ?
- ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელთაც მარტო საკუთარი ძაღლი უყვართ და სხვა არ აინტერესებთ ან მხოლოდ იმიტომ ჰყავთ ძაღლი, რომ მოდურია და ყველას ჰყავს.
ამიტომაც, როცა ბეზრდებათ ან მოხუცდება და ისეთი საყვარელი აღარ არის, როგორიც ადრე იყო, სადღაც ტრასაზე მიაგდებენ ან უპატრონოდ ქუჩაში უშვებენ.
- პირადად ჩემთვის, 10 წლის წინ, ვინმეს რომ ეთქვა, თბილისი ქუჩის ჰასკებით გაივსებაო, ვერაფრით დავიჯერებდი. სამწუხაროდ დღეს, თითქმის, ყველა უბანში შეიძლება უპატრონო ჰასკი შეგვხვდეს. ეს მოვლენა რითი ავხსნათ?
- ჰასკები, უკვე, მართლაც მასიურად ცხოვრობენ ქუჩაში, რაც გულსაკლავია. ჰასკის ჯიში უფრო ენერგიული ძაღლია, მეტი ყურადღება და მოვლა სჭირდება და ალბათ, გულს ვეღარ უდებენ. თუმცა, არა მარტო ჰასკები, უპატრონო კანე-კორსოები, ლაბრადორები გვხვდებიან ქუჩაში. იყო რამდენიმე შემთხვევა, გაგდებული ჩაუ-ჩაუც ვნახეთ, რომელთაც ჯანმრთელობის ელემენტარული პრობლემები ჰქონდათ. ზოგიერთი პატრონი მხოლოდ იმიტომ იშორებს ძაღლს თავიდან, რომ მას რაღაც დაავადება აღმოაჩნდება.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პრობლემას მხოლოდ სათანადო კანონი მოაგვარებს.
- როგორი უნდა იყოს, რას უნდა ითვალისწინებდეს ეს კანონი?
- უპირველესად, ეს არის კანონი რეგისტრაციის შესახებ, რომელიც თბილისის საკრებულოს მიღებული აქვს და მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით ვრცელდება.
კანონის თანახმად, ყველა მეპატრონე ვალდებულია, თავისი ცხოველი იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ჰყავდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ძაღლს ჩასმული უნდა ჰქონდეს სპეციალური ჩიპი, ან ყურზე ჰქონდეს საჭდე, ან - სვირინგი. საქართველოში ძაღლის სვირინგი ნაკლებად გამოიყენება, ამიტომ რჩება ჩიპი და საჭდე.
- რისთვის არის ეს საშუალებები საჭირო, რისგან იცავს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს?
- ძალიან ბევრი რამისგან იცავს. თუნდაც, ჩვენი ძაღლი რომ დაიკარგოს და მოხვდეს მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც დაურეგისტრირებელ ძაღლებს ასტერილებენ, შეიძლება მას შეცდომით ისევ გაუკეთონ ოპერაცია. ვინაიდან, დიდი ხნის გასტერილებულ ცხოველს ოპერაციის კვალი არ ეტყობა, თუ მას საჭდე არ უკეთია და მისი მონაცემები ბაზაში არა აქვთ, ბევრი შემთხვევაა, როცა ძუ ძაღლებს ხელახლა ჭრიან.
მე პირადად, ქუჩიდან მყავს ძაღლი აყვანილი, მომწონს, როცა მასთან ერთად ვსეირნობ და საჭდეიან ძაღლს ყურადღებას აქცევენ. გარშემომყოფების ცნობიერების ამაღლებასაც უწყობს ეს ხელს, იფიქრებენ, რომ თურმე მარტო ჯიშიანი ძაღლები კი არა, ქუჩიდან აყვანილი მეტისებიც შეიძლება სახლში ვიყოლიოთ და გვიყვარდეს.
კანონს რაც შეეხება, რეგისტრაციის ვალდებულება მარტო თბილისისთვის კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა იყოს ამოქმედებული.
- ჯერ იმაზე ვილაპარაკოთ, ხსენებული კანონი თბილისშიც რამდენად სრულდება. მიღებული კი არის, მაგრამ ყველა ემორჩილება და იცავს მას?
- დიახ, ეს ცალკე პრობლემაა. ჩვენთან ნებისმიერი კანონის აღსრულება ჭირს, რადგან არ გვაქვს სათანადო მექანიზმები. ვინც კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი მოქალაქეა, ის თავისთავად იცავს ყველა ვალდებულებას, სხვები კი მოქმედებენ ისე, როგორც უნდათ. ამიტომ კონტროლის გამკაცრება და მეტი მექანიზმის ამოქმედება გვჭირდება.
ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს ახლახანს ხელმძღვანელი შეეცვალა და ახლის საქმიანობას ცოტა ოპტიმისტურად ვუყურებ, რადგან კარგი ამბებით დაიწყო.
როგორც გავიგე, ვაკის პარკში პატრონიანი ძაღლები შეუმოწმებიათ, ვის ჰყავდა დაჩიპული და ვის - არა.
ასეთი ელემენტარული ზომების მიღება იმისთვისაა საჭირო, რომ ცხოველების რეგისტრაცია მასიურად განხორციელდეს. პერიოდული შემოწმებების გარდა, აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ჯიშიანი ძაღლების თვითნებური გამრავლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საკრებულოს დადგენილებით, თბილისის მასშტაბით მეტისების გამრავლება ახლაც აკრძალულია, მაგრამ ეს კანონი ჯიშიან ძაღლებზეც უნდა გავრცელდეს.
- გამრავლების საკითხი როგორ უნდა გადაიჭრას?
- უნდა არსებობდეს სპეციალური ქსელები, სადაც ექნებათ შესაბამისი პირობები, რომ პატრონებმა ზრდასრული და გამრავლებისთვის მზად მყოფი ცხოველები მიიყვანონ. ამ შემთხვევაში ძაღლის ფასიც მოიმატებს და შესაბამისად, რაც მეტ ფასს გადაიხდიან, მერე მისი ქუჩაში გაგდება მით უფრო დაენანებათ.
ამდენად, იმისთვის, რომ ქუჩაში ნაკლები მიუსაფარი ძაღლი გვყავდეს, საჭიროა გამრავლების კონტროლი, ქუჩის ცხოველების მასიური სტერილიზაცია და გაგდებაზე უდიდესი ჯარიმის დაწესება. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათი რეგისტრაციის შემთხვევაში. ამიტომაც არის აუცილებელი პატრონიანი ძაღლის რეგისტრაცია და აღრიცხვა.
- ბევრია ისეთი უპასუხისმგებლო პატრონიც, რომელთაც დიდი ზომის ძაღლები საბელის და ალიკაპის გარეშე დაჰყავთ გარეთ და ამით, არა მარტო ადამიანებს, სხვა ძაღლებსაც უქმნიან პრობლემებს. ვიცით, რომ ასეთ შემთხვევებზე ჯარიმები დაწესდა, მაგრამ რამდენად მოქმედებს ეს წესი ან თუ მოქმედებს, საერთოდ?
- როგორც უკვე ვთქვი, კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, არავინ ამოწმებს და აკონტროლებს რა ვითარებაა. რომც ამოწმებდნენ, ჯარიმის ოდენობა არ არის საკმარისი, ძალიან მცირეა, ამიტომ უფრო მკაცრი და მსუყე ჯარიმები უნდა იყოს დაწესებული. იგივენაირად მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და ჯარიმდებოდნენ პატრონები, რომლებიც თავიანთი ძაღლების მოსაქმებულს არ აიღებენ და ქუჩებსა თუ პარკებში გულგრილად ტოვებენ.
კანონდარღვევის გარდა, მსგავსი საქციელი როგორც მათი, ისე მათი ცხოველების მიმართ სხვა ადამიანების აგრესიის მიზეზიც შეიძლება გახდეს, რაც სავსებით ბუნებრივია.
- ისევ ქუჩის ძაღლების საკითხს რომ მივუბრუნდეთ, ფიქრობთ, რომ ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა მოაგვარებს?
- დიახ, კომპლექსური მიდგომა თუ არ იქნება, ცალკეული ქმედებები ამ პრობლემას ვერ უშველის. მასიური სტერილიზაციაზე ვისაუბრეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცაღა ესეც ვერ იქნება შედეგის მომტანი, თუ ძაღლების ქუჩაში გაგდებაზე ან მათ თვითნებურ გამრავლებაზე დიდი ჯარიმები არ დაწესდება. დღეს, შეიძლება ქუჩაში არსებული ყველა ძაღლი გავასტერილოთ, მაგრამ ხვალ მათ რიგებს სახლებიდან გამოგდებული ათეულობით ძაღლი შეუერთდეს.
მაგალითად, ერთ ჩემს მეზობელს, უკვე, მეცხრეჯერ შეუჯვარდა ქუჩის ძაღლთან თავისი ლაბრადორი, რომელიც ყოველ ჯერზე ათამდე ლეკვს აჩენს. პატრონი კი ამბობს, რომ ლეკვები გააჩუქა და ალბათ, ასეცაა, მაგრამ ნახევარზე მეტს, ხვალ ისევ ქუჩაში გაყრიან, რადგან არაერთხელ მომხდარა მსგავსი ფაქტი. ლეკვს იჩუქებენ, რომ გაიზრდება, მერე ვეღარ უვლიან ან აღარ მოსწონთ და გარეთ აგდებენ. ამიტომ, პატრონების მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლობის ასალაგმად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებები: რეგისტრაცია, სტერილიზაცია, თვითნებური გამრავლების აკრძალვა და კანონდარღვევაზე დიდი ჯარიმების დაწესება. სხვანაირად ქუჩის ძაღლების პრობლემა არ მოგვარდება, პირიქით, მათი რიცხვი მუდამ მოიმატებს.
- ძალიან ბევრი მოთხოვნაა ცხოველთა თავშესაფრების თაობაზე. რამდენად შესაძლებელია ქუჩის მიუსაფარი ცხოველები თავშესაფრებში მოგროვდეს?
- ფიზკურად შეუძლებელია იმხელა ან იმდენი თავშესაფარი გაკეთდეს, რომ მიუსაფარი ცხოველების უმეტესობა იქ მოთავსდეს. ქვეყანას ვერ ექნება იმის რესურსი, რომ რაც ჩვენ გვყავს, ამდენი უპატრონო და მიუსაფარი ცხოველის თავშესაფარი გააკეთოს და მათი ყველანაირად უზრუნველყოფა შეძლოს.
შეიძლება პატარ-პატარა თავშესაფრები აშენდეს იმ აგრესიული ცხოველებისთვის, რომლებიც უმიზეზოდ გაიწევენ ან თავს დაესხმიან ადამიანებს. თუ ძაღლი აგრესიულია და გამვლელ-გამომვლელს კბენს, რა თქმა უნდა, ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ თავშესაფარში და არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ქუჩაში.
თუ ქუჩის ძაღლი მშვიდი და უწყინარია, ის უნდა აღირიცხოს, გასტერილდეს და ხელი შეეწყოს მის მიმკედლებლებს, რომლებიც მათზე ზრუნავენ. ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ფუნქციას ითავსებენ.
- სამწუხაროდ, როგორც სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს საზოგადოებას ქუჩის ძაღლების მიმართაც რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნია, ზოგს სძულს ცხოველები და ქალაქის ხელმძღვანელობისგან მათ თავიდან მოშორებას ითხოვს, ზოგს, უბრალოდ, პანიკურად ეშინია ძაღლების და ამიტომ სურთ, ისინი ქუჩაში არ ხვდებოდნენ. ცხოველთა მოყვარულები კი ამ პირველი ნაწილისთვის წყევლა-კრულვას არ იშურებენ.
- დიახ, ნამდვილად ხდება მსგავსი რამ, რაც ძალიან ცუდია და მიმაჩნია, რომ ზღვარი ყველაფერში უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ძაღლების მიმართ პანიკურ შიშს, ამაზე ჩემი აზრი მაქვს, რაც ალბათ, ბევრს არ მოეწონება. ვისაც მათი ეშინია, ისინი, ძაღლებს კი არა, თავიანთ შიშებს უნდა ებრძოლონ. მათი შიში ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ ძაღლები ქუჩიდან გააქრონ. ადამიანები იმისთვის ვართ და ყველაზე განვითარებული არსებები იმიტომ გვქვია, რომ ჩვენ თავზე ვიმუშაოთ და თავადვე გადავლახოთ ყველანაირი ფობია.
სამწუხაროდ, არსებობენ ისეთებიც, ვინც ცხოველების მიმართ მტრულად არიან განწყობილი და იქით ავლენენ აგრესიას. განსაკუთრებით სავალალოა, როცა ცხოველებს ბავშვები ებყრობიან სასტიკად, რისი მაგალითიც არაერთი გვაქვს.
ისინი დიდებისგან ხედავენ ასეთ დამოკიდებულებას და თავადაც იგივეს იმეორებენ ან უარესს აკეთებენ.
ცნობილი ფაქტია, რომ მსოფლიოში არსებული ყველა სერიული მკვლელი და მანიაკი სისასტიკეს ბავშვობიდანვე ცხოველების წამებით იწყებდა.
ყველას ვერ მოთხოვ, ერთნაირად უყვარდეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რა თქმა უნდა, ზოგს ეშინია მათი და თავსაც არიდებენ, მაგრამ როცა ვინმეს შეუძლია იქით დაუშავოს, აწამოს ან სრულიად უმიზეზოდ მოკლას, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები აქვს.
- პიტბულის ჯიშის ძაღლების თემასაც შევეხოთ, რომლის მიმართაც ცალკეული შემთხვევების გამო, საზოგადოებაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ ეს ჯიში განსაკუთრებული აგრესიიით გამოირჩევა. რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს და რა უნდა ვიცოდეთ პიტბულებზე?
- სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ვისაც ეს ჯიში ჰყავს, მათი უმეტესობა არასრულფასოვნების კომპლექსით შებყრობილ ახალგარზდები არიან, რომელთაც ვიღაცისთვის ძალის დემონსტრირება და რაღაცის დამტკიცება უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობ ბევრ მოსიყვარულე და თბილ ადამიანს, ვინც ეს ჯიში ასეთივე გარემოში გაზარდა და შესაბამისად, ისინიც აბსოლუტურად მშვიდები არიან, თუ ჩვენთან ამ ჯიშის აკრძალვის საკითხი დადგება, მე მომხრე ვიქნები. ამას ვამბობ ისევ ამ ძაღლების საკეთილდღეოდ, რადგან ვიცი, როგორ ზრდიან და რა პირობებში ამყოფებენ, რათა აგრესიულები გახადონ. პატრონებს ისინი სიბნელეში ჰყავთ, აშიმშილებენ, რომ უფრო გაავდეს, ისიც კი მსმენია, რომ მათთვის ქუჩის ლეკვები მიჰყავთ, რომ დააგლეჯინონ და სისხლს მიაჩვიონ.
აქედან გამომდინარე, მივესალმები, თუ საქართველოში პიტბულების შემოყვანა აიკრძალება.
- ვიცით ისეთი ადამიანებიც, ვისაც მონადირე, მწევარი ძაღლები ჰყავთ და ნადირობის სეზონიდან სეზონამდე ფარეხებში ჰყავთ დამწყვდეული, გარეთ იშვიათად გამოჰყავთ. პირადად მინახავს, მაგალითად, მეცხრე სართულის აივანზე მცხოვრები უშველებელი ქართული ნაგაზი, რომელიც ძირს არასდროს ჩამოჰყავდათ. ასეთ დროს, როცა ვხედავთ, რომ პატრონი ძაღლს არასათანადო პირობებში ამყოფებს, რა უნდა გავაკეთოთ, რისი უფლება გვაქვს?
- დანაშაულია ქართული ნაგაზის ყოლა ქალაქში, აივანზე, მით უმეტეს, თუ კერძო სახლი და დიდი ეზო არ გაქვს. დანაშაულია, ძაღლების დამწყვდევა ფარეხებში და მათი უყურადღებოდ დატოვება. ასეთ დროს უფლება გაქვთ, გამოიძახოთ მუნიციპალური ზედამხედველობის ან ცხოველთა მონიტორინგის სამსახური.
სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნეთ, ჯარიმის ოდენობა დიდი არ არის, მაგრამ მცირედითაც რომ დაიწყონ, მეორე და მესამე გამოძახებაზე ჯარიმა გაიზრდება და მერე უკვე ძაღლის პატრონი თავად იკადრებს, საჭირო ზომები მიიღოს.
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 112-ზე დარეკოს, მოახსენოს საქმის ვითარება და თავად დააკავშირებენ სათანადო სამსახურთან. თავისთავად პოლიციის გამოძახებაც შეიძლება, რადგან რაც ჩამოვთვალეთ, ძაღლის წამებად ითვლება და კანონით არის აკრძალული.
- ევროპის ქვეყნებში არსებული ვითარებაც რომ ვნახოთ, იქ როგორ არის გადაწყვეტილი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ?
- ევროპაში არსებობს კანონი, რომლის ძალითაც ძაღლების სახლიდან გაგდებასა და უნებართვო გამრავლებაზე უზარმაზარი ჯარიმებია დაწესებული. სასტიკ მოპყრობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამისთვის შეიძლება ადამიანმა წლობით ციხეში ამოჰყოს თავი.
ევროპის ქვეყნებმა ქუჩის ბინადრების პრობლემის გადაწყვეტას ასეთი მკაცრი კანონის წყალობით მიაღწიეს, თუმცა იქაც წლები დასჭირდა ამ ყველაფერს, მარტივად და სწრაფად არ მომხდარა. უბრალოდ, მათ გაცილებით ადრე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა და თუმცა უმტკივნეულოდ არც ევროპაში ჩაუვლია ამ პროცესს, მოქმედ კანონს დღეს იქ ყველა ემორჩილება.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.