რა ხდება მოლდოვაში და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
„ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც – ყველა დანარჩენს“, – ამბობს კენეტ იალოვიცი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. ყოფილი დიპლომატი ფიქრობს, რომ ის, რაც ახლა რუსული გავლენით კიშინიოვში ხდება, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება.
დესტაბილიზაციის რუსული სცენარი – რა ხდება კიშინიოვში?
13 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რუსეთი მოლდოვის მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა. ამ გეგმაში კი მისი თქმით, მონაწილეობას რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეები იღებდნენ. სანდუს განმარტებით, რუსეთის გეგმის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა და მისი სტრატეგიული მდებარეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენება იყო.
სანდუს თქმით, ეს გეგმა ითვალისწინებდა მოლდოვის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობასა და პრორუსული ძალით ჩანაცვლებას, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას, მძევლების აყვანას, ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც ოპოზიციის საპროტესტო აქციებით უნდა შეინიღბოს. იგულისხმება პრორუსული ოპოზიციური პარტია „შორის“ მიერ ორგანიზებული პერმანენტული ანტისამთავრობო აქციები, რომლის ჩატარებასაც სანდუს ოპონენტები კვირას, 19 თებერვალს გეგმავენ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამავე სცენარით, პროტესტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ, სამხედრო გამოცდილების მქონე, საზღვარგარეთიდან შემოგზავნილ დივერსანტებს. 14 თებერვალს რამდენიმე საათით ჩაიკეტა მოლდოვის საჰაერო სივრცეც.
ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 10 თებერვალს მოლდოვის პრემიერი გადადგა. გადადგომისას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ თქვა, რომ 2021 წელს მისი მთავრობის არჩევისას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მას „უკრაინაში რუსეთის აგრესიით გამოწვეული ამდენი კრიზისის მართვა მოუწევდა“. მისი თქმით, ქვეყნის სათავეში ანტიკორუფციული, განვითარებისა და პროევროპული მანდატით მოსული მთავრობა „დაუყოვნებლივ აღმოჩნდა ენერგო-შანტაჟის პირისპირ, და ვინც ამას აკეთებდა, იმედოვნებდა, რომ ჩვენ დავნებდებოდით“.
მანამდე კი, კიშინიოვი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს კიევიდანაც. 9 თებერვალს, ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვს „მოლდოვის განადგურება“ სურდა და რომ მან ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმების შესახებ ცნობები კიშინიოვს დაუყოვნებლივ გაუზიარა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ორშაბთს თქვა, რომ ის შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომელთა გადამოწმებაც დამოუკიდებლად ამერიკულ მხარეს არ მოუხდენია, თუმცა „ძალიან ღრმად შემაშფოთებელია“ და „ნამდვილად არ სცდება რუსეთის ქცევის საზღვრებს“.
რუსეთი ბრალდებებს, ტრადიციულად, უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ მოლდოვის დესტაბილიზაციის რუსული გეგმის შესახებ დეზინფორმაციას კიევი ავრცელებს, რომელსაც კიშინიოვ-მოსკოვის დაპირისპირება სურს. თუმცა სულ რაღაც 2 კვირის წინ, რუსეთის პირველი დიპლომატი „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ „დასავლეთი შემდეგ უკრაინად მოლდოვას მოიაზრებს“ და რომ „დასავლეთმა სპეციფიკური და არცთუ დემოკრატიული მეთოდებით ჩაუყენა მოლდოვას სათავეში პრეზიდენტი, რომელიც მიიწევს ნატოსკენ… და ყველაფრისთვის მზად არის“. კიევის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება გასულ წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზეზი იყო, რომელსაც მოსკოვი ასახელებდა.
სანდუმ თქვა, რომ ეს არაა სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრის პირველი მცდელობა და რომ გასულ შემოდგომაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახერხეს არასასურველი შედეგის თავიდან აცილება და რომ მოსკოვმა მაშინ მიზანს ვერ მიაღწია.
13 თებერვალსვე მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცა ბელგრადის საფეხბურთო კლუბ „პარტიზანის“ 12 ქომაგს, რომლებიც ტირასპოლის „შერიფთან“ მატჩზე დასასწრებად მიემართებოდნენ. საფეხბურთო კლუბი „შერიფი“ სეპარატისტული დნესტრისპირეთის წამყვანი გუნდია, ის მოლდოვის იურისდიქციის ქვეშაა და რეგულარულად მონაწილეობს მოლდოვის საფეხბურთო ჩემპიონატშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც მოლდოვის დროშით ასპარეზობს. თუმცა როგორც ირკვევა, არსებობდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საზღვრის გადაკვეთის მსურველ ქომაგებს შორის, შესაძლოა დივერსანტებიც ყოფილიყვნენ. ბელგრადი კიშინიოვისგან დამატებით განმარტებებს ითხოვს.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და უკრაინის საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთს უკავშირდება და რთულია აქ რუსული კვალი ვერ დაინახო. მაშინ კი, როცა საქართველოში ამერიკას ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ, დასავლელი ლიდერები უნდა დაეხმარონ საქართველოსა და მოლდოვის მსგავს ქვეყნებს იმაში, რომ მათ რუსულ აგრესიასთან გამკლავება შეძლონ.
„ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას. რუსეთი ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონზე დომინირება მოახდინოს“, – ამბობს ვოლკერი და განმარტავს:
„საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რაც ნონსენსია. არავინ ცდილობს ამას. მაგრამ ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს მთელი რეგიონის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ამ ქვეყანას მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა ტიპის რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“, – ამბობს ყოფილი დიპლომატი.
ვოლკერის განმარტებით, ის, რაც მოლდოვაში ხდება, მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ეს რუსეთის ზრახვებზე მიგვანიშნებს. მისი თქმით, ყველაზე მთავარი ისაა, რომ როცა უკრაინა გაიმარჯვებს და სუვერენულ, დამოუკიდებელ, ევროპული დემოკრატიის მქონე ქვეყნად გამოვა ამ ომიდან, „საქართველოს არ უნდა სურდეს, რომ ჩამორჩეს ამ პროცესს. ის უნდა იყოს იმ მოძრაობის თითოეული ნაბიჯის ნაწილი“, რომლის მიზანიც უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპაა.
მოლდოვაზე რუსული წნეხის ზრდას რუსეთის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილად მიიჩნევს კენეტ იალოვიციც, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში. მისი თქმით, ესაა მოსკოვის მცდელობა შეცვალოს დიპლომატიური იზოლაციის ის რეალობა, რომელშიც თავი ომის წამოწყებით ჩაიგდო.
„ვფიქრობ, იმის გასაგებად, თუ რის გაკეთებას ცდილობენ რუსები მოლდოვაში, უნდა დავაკვირდეთ უფრო ფართო პერსპექტივას, როგორც მაგალითად, ისინი ახლა საქართველოს სთავაზობენ პირდაპირი ფრენების აღდგენას, მიანიშნებენ იმაზეც, რომ 3+3-ის ფორმატის მოლაპარაკებებით დაწყება სურთ, რომ შესაძლებელია იყოს ამისთვის სივრცე, რაზეც საქართველო აქამდე უარს ამბობდა. ისინი ცდილობენ, გამოვიდნენ იმ დიპლომატიური იზოლაციიდან, რომელშიც თავი ჩაიგდეს ამ სასტიკი და არაცივილური ომის გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყეს“, – ამბობს იალოვიცი, ის განმარტავს, რომ ექსპერტთა შეფასებით, მოლდოვის ახალი პრემიერიც პროევროპულად განწყობილი ლიდერია, რაც ძალიან კარგია ქვეყნისთვის, თუმცა რუსული წნეხი აშკარაა.
კენეტ იალოვიცი ფიქრობს, რომ მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები მნიშვნელოვანი გაკვეთილია საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რომ რუსეთის ნდობა და მოსკოვთან კარგი ურთიერთობის ქონა მაინც არ მთავრდება სასიკეთოდ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება. რუსეთს ჰქონდა ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, კვლავ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს სხვა ტერიტორიებიც მათ მიღმა. გადადგა მან ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ? არა. მათ მხოლოდ ერთი რამ იციან – ძალის გამოყენება. ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“. თქვენ არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც – ყველა დანარჩენს“, – განმარტავს ყოფილი დიპლომატი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი.
ამერიკის კიდევ ერთი ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყაზახეთში და „რანდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი ამბობს, რომ მოლდოვის პროევროპული სვლის პარალელურად არსებობდა იმედი, რომ ქვეყანა პრორუსული სენტიმენტის პრობლემას გასცდებოდა, თუმცა როგორც ჩანს ეს პრორუსული ძალები იქ მაინც საკმაოდ ძლიერია. მისი აზრით, ევროკავშირი, რომელმაც მოლდოვას უკრაინასთან ერთად წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, მას მიმართულების შენარჩუნებაში დაეხმარება.
„პრორუსული ძალები მოლდოვის პოლიტიკაში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე საქართველოში. იყო იმედი, რომ მოლდოვამ დაიწყო ამის მიღმა სვლა ბოლო არჩევნების შემდეგ. მაგრამ როგორც ჩანს, მოლდოვაში პრორუსულ ძალებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. ევროკავშირმა უკვე მიანიჭა მოლდოვასა და უკრაინას წევრობის კანდიდატის სტატუსი და ვფიქრობ, ევროკავშირს ენდომება, რომ მჭიდროდ ითანამშრომლოს მოლდოვასთან იმისთვის, რომ სცადოს მისი ევროპისკენ სვლის გაგრძელება. მაგრამ ეს გზა რთული იქნება“, – ამბობს ყოფილი დიპლომატი და დასძენს, რომ მიმდინარე მოვლენები ალბათ საქართველოდანაც საიმედოდ გამოიყურება მათთვის, ვინც ანტიდასავლური კურსის მომხრეა.
„რაც ხდება, ალბათ, ეს ამხნევებს მათაც, ვინც საქართველოში უფრო პრორუსული კურსის მომხრეა. მაგრამ მოლდოვა შორსაა საქართველოსგან და არაა მოსალოდნელი, რომ მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს დიდი გავლენა ჰქონდეს საქართველოს პოლიტიკაზე. საქართველოს თავისი პოლიტიკური კულტურა და გეოსტრატეგიული მდებარეობა აქვს. მაგრამ ალბათ, ზოგს მოსკოვში ასევე იმედი მიეცა იფიქროს, რომ მათ კვლავ შეუძლიათ იქონიონ გავლენა მოლდოვასა და საქართველოზე“, – ამბობს უილიამ კორტნი.
მოლდოვას უკრაინასთან 1 222 კმ სიგრძის საზღვარი აქვს. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში არაერთი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა, მათ შორის, ინფლაცია, ენერგო რესურსებზე მაღალი ფასები, ლტოლვილების შედინება და სხვა. მოლდოვა 100 %-ით რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული, მოსკოვმა მისი მომარაგება შეზღუდა. შედეგად, მზარდმა ინფლაციამ მოსახლეობის გაზრდილი უკმაყოფილებაც გამოიწვია. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელიც ქვეყანას 2016-2020 წლებში მართავდა, კრემლთან ახლო ურთიერთობით იყო ცნობილი. ამასთან, ქვეყნის მთავარ სოციალისტურ და კომუნისტურ ოპოზიციურ ბლოკს მოსკოვთან მჭიდრო კავშირები აქვს.
მოლდოვის ახალი პრემიერი 48 წლის პოლიტიკოსი, დორინ რეჩანია მმართველი, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ წარმომადგენელი. მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას ფლობს. მოლდოვის პარლამენტმა ახალი მთავრობა 16 თებერვალს დაამტკიცა.
პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე მოუწოდა პარლამენტს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს კანონპროექტები, რომლებიც ქვეყნის უშიშროების სამსახურებსა და პროკურატურას მოლდოვის წინაშე არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად გადამჭრელი ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მოლდოვის პრორუსულმა საპარლამენტო ძალებმა კი მაია სანდუ მოლდოვის „პოლიციურ სახელმწიფოდ“ გადაქცევის მცდელობაში დაადანაშაულეს და კვირას, 19 თებერვალს, პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.