ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა - მედია
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი და ზელენსკი, სავარაუდოდ კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე არიან.
ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული ავიაცია გააქტიურდა და კიევში სარაკეტო იერიშს მოელიან.
თეთრ სახლს ბაიდენის კიევში ვიზიტზე აქამდე არაფერი უთქვამს. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ 20-22 თებერვალს ბაიდენი პოლონეთში გეგმავდა ოფიციალურ ვიზიტს, სადაც ის პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას უნდა შეხვედროდა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ რამდენიმე დღის წინ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბაიდენის კიევში ვიზიტი არ იგეგმებოდა.
„ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ. შეერთებული შტატები ლიდერობს მსოფლიოში შეტანილი წვლილით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ შეიარაღების გადაცემა უკრაინისთვის და ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ერთობლივი მხარდაჭერა, მეტი დახმარების მობილიზება უკრაინისთვის, თუმცა არ იგეგმება რომ ამ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინაში ჩავა“, – თქვა კირბიმ 17 თებერვალს.
დღეს კი მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრიი მელნიკმა კი განაცხადა, რომ „სიურპრიზი მზადდებოდა“.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრესიის, ფართომასშტაბიანი აგრესიის წლისთავის წინ ვიგრძნოთ და დავინახოთ არამხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, არამხოლოდ სოლიდარობა, არამედ კიდევ უფრო მეტი დახმარება და ვიხილოთ ჩვენი მნიშვნელოვანი, მთავარი პარტნიორები კიევში“, – თქვა მელნიკმა.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.