Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის ხელისუფლებაც ამტკიცებდა, რომ „აგენტების კანონი" მიღებულია აშშ-ის მსგავსად - IDFI


საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. ხალხის ძალის) მიერ „უცხოური აგენტების” კანონის დაანონსება და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საუბარია IDFI-ის კვლევაში.

ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით, განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა იმყოფება „მოლოდინის რეჟიმში” და აღსასრულებელი აქვს ევროკომისიის პრიორიტეტული ამოცანები, „უცხოური აგენტების” კანონის არათუ მიღება, არამედ მასზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დაწყვებაც კი დამაზიანებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის.

„ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა. მეტიც, ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა (ე.წ „ხალხის ძალის”) წინადადება, მათივე მითითებით, სწორედ “უცხოური აგენტების” რეესტრის წარმოებას ითვალისწინებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს IDFI.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ე.წ. უცხოური აგენტების კანონმდებლობა არ გააჩნიათ. არადემოკრატიული რეჟიმები კი მანიპულირებენ ღირებული ლეგიტიმური ინტერესებით და პოპულისტური მეთოდებით მათ შორის, „აგენტის” იარლიყის მინიჭებით ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას.

რუსეთისა და უნგრეთის მაგალითი

„ყველაზე ნათელი მაგალითი, როდესაც „უცხოეთის აგენტების” კანონმდებლობით ხდება სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, არის რუსეთის და უნგრეთის შემთხვევა. რუსეთში „უცხოეთის აგენტი” ატარებს მასტიგმატიზებელ იარლიყს და ასოცირდება „ჯაშუშთან”.

შესაბამისად, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა, ან არჩია შეეწყვიტა უცხოური დაფინანსების მიღება და, შესაბამისად, დრამატულად შეეზღუდა საკუთარი საქმიანობა. მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კანონი მიღებულია იმავე მიზნების მისაღწევად, რაც გააჩნია FARA-ს [ამერიკის უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი]. მსგავსად ამისა, უნგრეთშიც 2017 წელს მიღებულ იქნა კანონი „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”.

რუსეთის და უნგრეთის მაგალითი ასევე გვიჩვენებს, რომ „გამჭვირვალობის” მოთხოვნების დამდგენმა კანონებმა გამოიწვია არა გაცხადებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, არამედ დაასუსტა ხელისუფლების მაკონტროლებელი მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და „მსუსხავი ეფექტი” იქონია მათ საქმიანობაზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გაძლიერების სფეროში.

რუსული კანონის 10-წლიანი მოქმედება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ მოახდინა ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის” ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და რა ეფექტი აქვს ამას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA განმარტა, რომ კანონი, რომელიც ქვეყანაში „მსუსხავ ეფექტს” ქმნის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის და იძლევა ნოყიერ ნიადაგს მისი არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაციისთვის, ეწინააღმდეგება კონვენციით გარანტირებულ უფლებებს.

2017 წელს უნგრეთის მიერ მიღებული კანონი „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ” 2020 წლის 18 ივნისს, ევროპული კომისიის მიმართვის საფუძველზე, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. შედეგად, ევროკომისიის აღსრულების მექანიზმის ამოქმედების გამო, უნგრეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა იგი.

უნგრული კანონის მიმართ კრიტიკა გამოთქვა ვენეციის კომისიამაც და აღნიშნა, რომ კანონი გამოიწვევს არაპროპორციულ და არასაჭირო ჩარევას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვით დაცულ სფეროში. კანონი იმეორებდა რუსულ გზას და „გამჭვირვალობის” ვალდებულების დაწესების გზით მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას.

ECHR-ისა და ECJ-ს სტანდარტებით, უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოელ აგენტებად” ან/და „უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებად” რეგისტრაცია და მათთვის მასტიგმატიზებელი იარლიყის მიწებება წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროში და არ არის „გამჭვირვალობის” ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი. „უცხოური აგენტების” ტიპის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ შეკრებისა და  გამოხატვის ძირითად უფლებებს, არამედ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ევროპული ღირებულებების პერსპექტივის თვალსაზრისით, გამოხატავს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მტკიცე დამოკიდებულებას კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან მიმართებით. ევროპულმა სასამართლოებმა კიდევ ერთხელ აღიარეს არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხაზი გაუსვეს მათი თავისუფალი საქმიანობის დაცვის მნიშვნელობას”, – წერს IDFI.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...