Jump to content
Planeta.Ge

რუსები აფხაზებისგან „გარდაცვლილი პენსიონერების“ სქემით მოპარული ფულის უკან დაბრუნებას ითხოვენ


რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა პროტოკოლი, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას REGNUM ავრცელებს.

ამ ცვლილებების თანახმად, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიებისა და საპენსიო დანამატებისთვის ფედერაციის თანხის ხარჯვაზე ორივე მხარის პასუხისმგებლობა იზრდება.

კერძოდ, საქმე ეხება რუსეთის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს, რომელიც გარდაცვლილი პენსიონერების ახლობლებმა, გარდაცვალების ფაქტის დაგვიანებით შეტყობინების გამო, ზედმეტი პენსიისა და საპენსიო დანამატის სახით მიიღეს. ცვლილებების თანახმად, აფხაზურმა მხარემ ეს თანხა შესაბამისი დამნაშავე პირებისგან უნდა ამოიღოს და რუსეთს დაუბრუნოს.

 

ამასთან, ცვლილებები მიზნად ისახავს თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის გაძლიერებას.

პროტოკოლის ცვლილებებზე თანდართული მასალების მიხედვით, 2015 წლიდან 2022 წლის 30 ივნისამდე პერიოდში აფხაზეთში ზედმეტად გაცემული პენსიებისა და მათზე დანამატების მოცულობამ 24,35 მლნ რუბლი (860 397 ლარი) შეადგინა. აქედან 19,6 მლნ რუბლი (692 576 ლარი) საპენსიო თანხას, ხოლო 4,7 მლნ რუბლი (166 076 ლარი) პენსიაზე დანამატს წარმოადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...