Corriere dello Sport-ი: ადამიანების უმრავლესობა მიმართულების ასეთი ცვლის დროს ერთ კოჭს მაინც ამოიგდებს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ,,ნაპოლის“ მაისურით მეათე გოლი გაიტანა.
ქართველმა ფორვარდმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, თავის სტილში რამდენიმე მეტოქე მოატყუა და დრიბლინგით კიდევ ერთი ულამაზესი გოლის მომსწრენი გავხდით.
„ნაპოლიმ“ ამჯერად გასვლით მატჩში „სასუოლოს“აჯობა და ანგარიშით: 2:0 გაიმარჯვა. მოწინააღმდეგის კარში მეორე გოლი ნიგერიელმა ფეხბურთელმა ვიკტორ ოსიმენმა გაიტანა.
,,კვარადონას“ კლუბი სერია A-ში უახლოეს მდევარს, უკვე, 18 ქულით უსწრებს.
33 წლის შემდეგ, ნეაპოლელებს ბრწყინვალე შანსი აქვთ, რომ სკუდეტო მოიგონ. „ნაპოლის“ ახალ ისტორიას, სადებიუტო სეზონში, კვარაცხელიაც წერს.
ამ ეტაპისთვის ხვიჩას, იტალიის ჩემპიონატში, 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს. ევროპის ტოპ ლიგებში ასეთი შედეგი აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ ჰქონია.
ხვიჩას ჯადოქრული გოლის შემდეგ, ,,ნაპოლის“ ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე დაიდო მისი ფოტოები წარწერით: ,,აბრაკვარაბრა"... მოგვიანებით კი იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელის თამაშს უმაღლესი შეფასება მისცეს.
ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
აი, რას წერს ხვიჩა კვარაცხელიაზე ერთ-ერთი იტალიური გავლენიანი გაზეთი, Corriere dello Sport-ი: ,,პირველი გოლის დროს ისეთი სლალომი გააკეთა, რომ თვით ალბერტო ტომბა სთხოვდა პატენტს, თუმცა ტომბა მოთხილამურე იყო და მაინც გაუჭირდებოდა, კვარა კი ყველაფერს ისე მარტივად აკეთებს, რომ კაცს შეიძლება შეეშინდეს. ადამიანების უმრავლესობა მიმართულების ასეთი ცვლის დროს ერთ კოჭს მაინც ამოიგდებს, ის კი… და წარმოგიდგენიათ, „სასუოლო” მის გაჩერებას ცდილობდა, მაისურებიც კი ისეთი ფერის ჩაიცვეს, მოედანს რომ შერწყმოდნენ, მაგრამ, რად გინდა, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ, კვარა ყველას ატყუებს."
მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ,,ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ ეს თამაში კვარაცხელიას წყალობით მოიგეს.
,,ჩვენს ბოლო გამარჯვებებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩის რიტმიდან და სცენარიდან გამომდინარე, ეს საუკეთესო გამარჯვება იყო, მაგრამ მოვიგეთ კვარაცხელიას წყალობით, რომელმაც სტარტი მეტოქის კარისგან შორს, პეპლის სიმსუბუქით აიღო, ბურთი წინ წაიღო, იფარფატა და მიმართულება შეცვალა.“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.