Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ დაუშვილი - სააკაშვილის მმართველობისას უმძიმეს ვითარებაზე არავინ ვდავობთ, პრობლემა ის არის, რომ „ოცნების“ მოქმედებების გამო პარტნიორებმა საკითხი ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაიტანეს


პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არავინ დავობს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო.

მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ქმედებებით პარტნიორებში კითხვები გააჩინა, რამდენად დაცულია სააკაშვილის ჯანმრთელობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება.

როგორც დაუშვილი ამბობს, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს პარტნიორებს სააკაშვილის საკითხი მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში აქვთ გადატანილი.

„არავინ ვდავობთ იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში იყო უმძიმესი ვითარება, განსაკუთრებით, პენიტენციურ სისტემაში. ამ კუთხით დღეს საქართველოში რომ გაცილებით უკეთეს ვითარებაა, ამაზე კითხვას არ ვსვამთ, არც ვმსჯელობთ. მთავარი საკითხი სხვა რამეა: „ოცნებამ“ თავისი მოქმედებებით – ჭკვიანად იყოს, თორემ სასჯელს დავუმძიმებთო, კლინიკაში არგადაყვანით და ასე შემდეგ, კითხვები და ბრალდებები გააჩინა, რამდენად იყო დაცული სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება. საბოლოოდ, „ოცნებამ“ იმდენი შეძლო, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული თემა გახდა, მთლიანად ჰუმანიტარულ კონტექსტში აქვთ გადატანილი. სამართლებრივ ნაწილში ვინმე ხომ არ გეუბნება, სასჯელი არ მოიხადოს, ასეთი რამ არ მომისმენია. ეს ყველაფერი არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა, ბრალი. „ოცნების“ სიტყვას იმდენად აღარ აქვს ფასი ჩვენს პარტნიორებში, რომ ვერ დაარწმუნა ისინი, სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილია საქართველოს ჯანდაცვის ან პენიტენციურ სისტემებში. ამაშია მთავარი პრობლემა. ამიტომ ეს ორი რამ ერთმანეთთან შედარებადი არ არის. სააკაშვილის დროს კანონის უზენაესობის ნაწილში რომ უდიდესი პრობლემები იყო, ამაზეც არავინ გედავება, ესეც ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილთან  დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, რეზოლუციაზე სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“.

„რეზოლუციის შეფასებაში არ შევალ, რეზოლუცია არის ის, რაც არის და სრულად „ოცნების“ პასუხისმგებლობაა. „ოცნებამ“ თავისი არასწორი ნაბიჯებით ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ ასეთი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის რეალობა და ამაზე „ოცნება“ პასუხისმგებლობას ვერავის დააკისრებს. ხელისუფლების სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. „ოცნება“ როგორც იქცევა, მათ სიტყვასა და მოქმედებას არავითარი ფასი არ აქვს. პასუხი უნდა აგოს პოლიტიკურად. ყველაფერს თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, ამიტომ ეს რეზოლუცია სრულად არის „ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...