შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ჩემი აზრით, ანტიდემოკრატიულია
გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების წინაშე როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება.
„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა. პრინციპში, საკვირველია, როდესაც საუბარი მიდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში, გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია. რაც შეეხება მოსაზრებებს, რომელიც გვესმის, ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არ ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა, შესაძლებელია აქ იყო სენსიტიური თემები, მაგრამ სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ - მცდელობა, რომ ტაბუ დაედოს დისკუსიას, არადემოკრატიულია. კერძოდ, როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ეს ჩემთვისაც არ არის ახალი თემა. ამის თაობაზე ყოველთვის ვესაუბრებოდი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს, საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ის ხალხი, ვინც მონაწილეობდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, არის სენსიტიური საკითხი და არსებობს ცუდი პრაქტიკებიც, მაგრამ ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება ცუდად იყოს გამოყენებული.
რაც შეეხება კანონპროექტის მხარდაჭერას, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ამ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ.
„კანონპროექტს დეტალებში არც ვიცნობთ. როგორც ჩანს, ავტორებსაც სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ, თავად სისტემა როგორ უნდა იყოს მოწყობილი, ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, მათ შორის უმრავლესობის ფორმატშიც გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და განმარტა, რომ კანონპროექტი ბიუროზე ორშაბათს გავა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორი ხალხის მიმართ გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით სახელმწიფო სტრუქტურებს ჩამორჩება.
გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა მოიყვანა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მაგალითი, რომლის დამფინანსებელიც, მისი თქმით, უცნობია.
ცნობისათვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.