ლატვია უკრაინას ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეულ ავტომანქანებს გადასცემს
16 თებერვალს ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ. შესწორება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილების უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით თებერვლის დასაწყისში ლატვიის ფინანსთა მინისტრი არვილს აშერადენსი გამოვიდა.
სააგენტო Delfi-ის თანახმად, აღნიშნული კანონი უკრაინისთვის, სხვადასხვა ავტოტექნიკასთან ერთად, ლატვიის ხელისუფლების მიერ ნასვამი მძღოლებისგან ადრე ჩამორთმეული მანქანების გადაცემასაც ითვალისწინებს.
გასული წლის ნოემბერში ლატვიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მანქანების კონფისკაციას ითვალისწინებს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს შემოწმების დროს 1,5 პრომილეზე მეტი ალკოჰოლი ან სისხლში ნარკოტიკების კვალი აღმოაჩნდა; ასევე თუ მძღოლმა უარი თქვა ორგანიზმში ასეთი ნივთიერებების არსებობის შემოწმებაზე. დეკემბრის ბოლოს ლატვიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კონფისკაციის პირველი შემთხვევების შესახებ.
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ჩამორთმეული მანქანები ინახება სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ავტოსადგომებზე, შემდეგ ისინი სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს მთელი ლატვიის მასშტაბით აუქციონზე გააქვს. ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის, რეიმონდ ბერგმანისის თქმით, ახლა სახელმწიფოს შეუძლია მთვრალი მძღოლებისგან ჩამორთმეული ავტომანქანების როგორც გაყიდვა, ისე გადასამუშავებლად გაგზავნა და სათადარიგო ნაწილებად დაშლა. კანონში შეტანილი ცვლილებები კი ასეთი მანქანების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა. "დღევანდელ ვითარებაში, ისინი უკრაინის ხალხისთვის სასარგებლო მხარდაჭერა იქნებოდა“, - განაცხადა ბერგმანისმა.
ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესი დაგეგმილია იმ ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც თანამშრომლობს უკრაინის მთავრობასთან და კიევიდან კონკრეტული მოთხოვნები აქვს მიღებული, - ნათქვამია კანონის ანოტაციაში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული ლატვია აქტიურად უჭერს მხარს კიევს ჰუმანიტარულ და სამხედრო სფეროებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებს მოუწოდებს ამისკენ.
იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლატვია უკრაინას გადასცემს Stinger-ის ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, ორ ვერტმფრენ Mi-17-ს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ათ ტყვიამფრქვევს ამუნიციით და ჰაუბიცა M109-ის სათადარიგო ნაწილებს.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.