„ქოცური ავტორიტარიზმის საქართველოს ევროკავშირი უარს ეტყვის“ — ნატა საბანაძე
მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის მოწვეული პროფესორი, 2013-2021 წლებში საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატა საბანაძე მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება ადვილი არ იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ ასეთი კანონპროექტი საერთოდ განიხილება, „ძალიან საგანგაშოა“.
საბანაძე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში ისედაც დაბალია, მაგრამ განსხვავებული აზრი ისმის სწორედ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან, რომელთა დაფინანსების მთავარი წყარო გრანტებია.
„გამოდის, რომ ამ განსხვავებულ აზრსაც ახშობენ. ეს არის ოფიციალურად ავტორიტარული რეჟიმის დამყარების ძალიან აშკარა მაგალითი. ის, რომ ევროკავშირი „ქოცური“ ავტორიტარიზმის საქართველოს ამ პირობებში უარს ეტყვის, რა თქმა უნდა, ლოგიკურია და ბევრი მსჯელობა არ უნდა… ევროკავშირი და ევროპული პერსპექტივა გვერდით გადავდოთ, ასეთი კანონის მიღება ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია ოფიციალურად დასრულდება“, — განუცხადა ნეტგაზეთს საბანაძემ.
იგი ხაზს უსვამს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მსგავსებას რუსულ კანონთან, რომელსაც აქტიურად იყენებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესირებისთვის.
„რუსეთში კიდევ ბევრი „საინტერესო“ კანონი აქვთ, მაგალითად, ისტორიაზე როგორ შეიძლება ვისაუბროთ და ა.შ. მათ გადმოღებასაც თუ ვაპირებთ, არ ვიცი. ყველა მსგავს ინიციატივას, ავტორიტარი მმართველის მიერ ადამიანის უფლებების ნებისმიერ შეზღუდვას თავისი „გამართლება“ აქვს.
საბჭოთა კავშირის დროსაც ჰაერზე არ იჭერდნენ, რაღაც საოცრებებს იგონებდნენ — იმპერიალისტური შეთქმულება თუ ანარქისტი პოეტების საზოგადოება და ა.შ. სახელმწიფოებიც ასე აკეთებენ და ყოველთვის ამართლებენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თითქოს შეზღუდვა ხდება იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვან არეულობისგან, დესტრუქციული ელემენტებისგან და ა.შ. ეს არის ის შავ-თეთრი პროპაგანდისტული ენა, რომელიც ახასიათებს ავტორიტარიზმს.
გუშინ მოვუსმინე „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს [ირაკლი კობახიძეს], რომელიც სწორედ ამ ენით საუბრობდა შეთქმულებებზე, კონსპირაციაზე ქვეყნის წინააღმდეგ, არეულობაზე, დამხობაზე… ეს ენა რაღაც პერიოდი გამქრალი იყო ჩვენი დისკურსიდან და დაბრუნდა ისე, რომ ვერც შევამჩნიეთ, რაც ნამდვილად საგანგაშოა“, — აცხადებს ნატა საბანაძე.
უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს ნატა საბანაძე საერთაშორისო პარტნიორებისადმი საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს.
„სპეციალურად კეთდება თუ არა ეს, რომ ევროპული პერსპექტივა დავკარგოთ, სპეკულაციის საგანია და არ ვიცი. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ არის ხალხი, ვისაც არ უნდა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის დაკარგვა, მაგრამ ეს ისეთი თემაა, როდესაც პოზიცია ყველამ აშკარად უნდა დააფიქსიროს.
თუ ვინმეს, ვისაც როდისმე საზღვარგარეთ უსწავლია, ფეხი დაუდგია, რაღაც მიუღია სოციალიზაციის კუთხით დასავლეთისგან, ამაზე ხმას არ აიმაღლებს, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ და მოვატრიალოთ ტერმინი, რომ ისინი არიან ტოტალიტარიზმის გავლენის აგენტები“, — დასძენს ნატა საბანაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა და არც „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.
კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.