Jump to content
Planeta.Ge

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს - PACE "ხალხის ძალის" ინიციატივაზე


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ტვიტერზე ეხმაურება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ მას. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტა ესტრელამ განაცხადეს:

"კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც "ხალხის ძალამ" წარადგინა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა სხვა პოლიტიკურ ფრაქციას, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში შემზარავი ეფექტი იქნება".

 

 

 

 

კანონპროექტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა". მათი თქმით, "ხალხის ძალის" კანონპროექტი პარტნიორი სახელმწიფოების დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტთა ბაზაში შეყვანაზე, მმართველი პარტიის მიზანა, რომ "დააყოვნოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი".

15 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონების მსგავსია.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:

  • ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;
  • ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).

ვინ იგულისხმება "უცხო ძალაში":

  • სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში;
  • ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციისას აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ.

კანონპროექტი, თუ კანონად იქცა, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას მიანიჭებს ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდების" ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...