რამდენიმე მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ
E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 12 კმ-ია.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, რამდენიმე მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
კერძოდ, საუბარია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მდებარე ამირან და თამარ დობორჯგინიძეების, მაია თევზაძის და გიორგი თავართქილაძის თანასაკუთრებაში არსებულ 4175 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1620 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მდებარე ზაირა, კარლო და ნოდარ წილოსანების თანასაკუთრებაში არსებულ 7 777 კმ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 48 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.