Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    126
  • comments
    141
  • views
    408.414

ჩემი პირველი ნათლისღება


katya

2.704 views

blog-0874679001358463930.jpgგაგიკვირდებათ, მაგრამ პირველად ნათლისღება ლერმონტოვის ,,ჩვენი დროის გმირიდან,, დამამახსოვრდა. ალბათ მე-5, მე-6 კლასში ვიქნებოდი. ,,ნათლისღების ყინვები,, ყველაზე-ყველაზეაო და, მახსოვს, ისე შემეშინდა, მაშინვე ბებიაჩემ ზინოჩკას დავახტი თავზე, მაინტერესებდა რა? სად? და როდის? ხდებოდა ეს რაღაც ნათლისღება.

 

წარმოიდგინეთ, არც იმან იცოდა. :))) არც გამკვირვებია, ეს ის ოჯახი იყო, რომლის საგვარეულო სასაფლაოზე, კუკიაზე, ჯვრის ნაცვლად მარმარილოში გადაწყვეტილი გადაშლილი ,,კაპიტალი,, იდო, თავისი მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის პორტრეტებით და რაღაც ეპოქალურად აქტუალური ციტატით...

 

არადა, ეს ოჯახი, თავის დროზე, სურებიდან გამოქცეულ ნოე რამიშვილის ცოლ-შვილს მალავდა და თვითონ იყო მრავალჯერადად რეპრესირებული, იმიტომ რომ დედაჩემის ბაბუა ნოე ჟორდანიას გაყვა თურქეთში. მერე იქიდან პოლონეთში გადავიდა და ...

 

რას დაგვამსგავსეს ,,მათხოვარმა ბოლშევიკებმა,,!!! :))

 

სამაგიეროდ, დედაჩემის ბიძა (გამზრდელი მამიდის მეუღლე)იაშა ემირიანი იყო თბილისის საყოფაცხოვრებო მომსახურების პუნქტების კომისარი, თვითონ ზინოჩკა რკინიგზის და მანქანათმშენებლობის ტექნიკუმის სასწავლო ნაწილი და ისეთი პარტიულები, იმ დროს ,,სპეტაკს,, რომ უწოდებდნენ...

 

მარჯანიშვილის ქუჩაზე, ზუსტად რუსული ეკლესიის წინა ეზოში ვცხოვრობდით, პირველ სართულზე. ძველ გერმანულ სახლში - კედლებს რომ ნახევარი მეტრის სისქე ჰქონდა, ისეთში. მთელი ბავშვობა ფანჯრის რაფაზე გავატარე. ხან კარლსონის მოფრენას ველოდი, ხან მერი პოპინსის, მაგრამ, არ მიმართლებდა... ფანჯრებს ორმაგი დარაბები ჰქონდა და საათობით ვიჯექი ამ დახურულ სივრცეში ....

 

ჰოდა, ეს ყველაფერი რას მოვაყოლე: ხომ დავადექი სულთამხუთავივით ამ ჩემს ზინოჩკას, შიმშილობაც კი გამოვუცხადე და, რას იზამდა? ადგა და ჩემთან ერთად, მალულად შეიპარა ეკლესიაში და ყველაფერი გაარკვია. ჩემი ცნობისმოყვარეობაც დაკმაყოფილდა და სახლში მოსულმა გამოვაცხადე:- სასწრაფოდ შეშა უნდა მოვიმარაგოთ–მეთქი! თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გარეთ აპრილი იდგა, ჩემს დარაბებიან სივრცეში, კაცმა არ იცის, წელიწადის რა დრო იყო, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გოფილექტის ბაღში დავისიცხე.

 

ჩემს ცნობიერებაში შემოსულ ნათლისღების პირველ ყინვებს მშვიდობით გადავურჩი. თუმცა, ოჯახში აღიარებული ,,ჭირიანკა,, ვიყავი... მახსოვს, იმ ღამეს, შუროჩკა და ზინოჩკა, ანუ ჩემი ბებიები ისევ ჩუმად შეიპარნენ ტაძარში და იქიდან პაწაწუნა ბროლის ბოთლებით (ახლაც მაქვს ერთი შენახული, თავისი თავსახურით) აიაზმა მოიტანეს.

 

იმდენი მაპკურეს, რომ გავკაჟდი და იმ წელს ავად აღარ გავმხდარვარ... თუმცა, 2 კვირის შემდეგ ზინოჩკა სასწავლო ნაწილი აღარ იყო... მაგრამ ეგ ვის ადარდებდა?!.

ნათლიღებას გილოცავთ!

ყავამშვიდობისა!

კატო ჩულაშვილი

3 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...