კადრები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ — ჩაძირული ტიტანიკისთვის 1986 წელს გადაღებული ვიდეო სრულად პირველად ქვეყნდება #1tvმეცნიერება
უკვე დიდი ხანია, უბედური RMS ტიტანიკის ჩაძირვა ერთნაირად აჯადოებს ისტორიკოსებს, ოკეანოგრაფებსა თუ კინორეჟისორებს.
ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი (WHOI) საკუთარ YouTube არხზე აქვეყნებს საათი და 21-წუთიან დაუჭრელ ვიდეოს, რომლის დიდი ნაწილიც საზოგადოებას აქამდე არასოდეს უნახავს.
მიუხედავად იმისა, რომ კადრების დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება, ისინი 1986 წლის ივლისშია გადაღებული, წყალქვეშა აპარატის — DSV Alvin-ის და დისტანციურად მართვადი მოწყობილობა Jason Jr-ის მიერ.
Alvin-ი აშშ-ის საზღვაო ძალების კვლევითი წყალქვეშა აპარატია, რომელსაც ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი ამუშავებდა, Jason Jr კი იყო მასზე 91-მეტრიანი ოპტიკური კაბელით მიმაგრებული მოწყობილობა.
Jason Jr-ს Alvin-ში მყოფი ჯგუფი დისტანციურად მართავდა; მოწყობილობა ჩაძირული გემის ისეთ ნაწილებშიც შეიყვანეს, სადაც თავად Alvin-ი ვერ შევიდოდა.
ყველაზე საოცარი ის არის, რომ ვიდეო იმ დღეს არის გადაღებული, როდესაც ადამიანები პირველად ჩავიდნენ 1912 წლის აპრილში ტრაგიკულად ჩაძირულ გემთან.
ტიტანიკი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან 850 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, 3780 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული.
ჩაძირული ტიტანიკი პირველად 1985 წლის 1-ელ სექტემბერს, WHOI-სა და ფრანგული ოკეანოგრაფიული ორგანიზაციის ერთობლივი მისიისას აღმოაჩინეს.
თავდაპირველად ის ბუქსირებულმა წყალქვეშა კამერამ შენიშნა. 1986 წლის ივლისში კი სამკაციანი ჯგუფი ადგილზე კვლავ დაბრუნდა, ოკეანეში ჩავიდა და სწორედ ის ვიდეო გადაიღო, რომელსაც ახლა ვხედავთ.
„პირველი, რაც წყალში ჩასულმა სიბნელეში დავინახე, კედელი იყო, გიგანტური მოქლონილი ფოლადის კედელი, რომელიც ჩვენგან 30 მეტრის სიღრმეზე იყო აღმართული. ჩემ წინაშე ტიტანიკი იყო, მე მას ვუყურებდი. ყველაფერი უზარმაზარი იყო“, — იხსენებს Associated Press-ისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში წყალქვეშა მკვლევარი რობერტ ბალარდი, რომელიც 1985-1986 წლების ექსპედიციების წევრი იყო.
ბალარდი ასევე იხსენებს, როგორ ხედავდა უბედურ მგზავრთა ფეხსაცმელებს და გემის ლუქებს.
„თითქოს იქიდან ხალხი გვიყურებდა. საკმაოდ შემზარავი იყო“, — აღნიშნავს ბალარდი.
კადრები თითქმის დაუჭრელია და ჩვენ წინაშე აცოცხლებს ერთ დროს დიდებული გემის სახელგანთქმულ სცენებსა და ოთახებს.
ჩაძირული ტიტანიკის წინა ვიდეოებთან ერთად, ეს კადრებიც ცოტა ნოსტალგიური და შემზარავია, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად უმწეო შეიძლება იყოს ადამიანის ტექნოლოგიები ბუნების წინაშე.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.