რუსმა ფრილანსერებმა უცხო ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ფული საქართველოში გაიტანეს
რუს ფრილანსერებს 2022 წელს ფული ყველაზე ხშირად საქართველოში გაჰქონდათ და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის ბარათებზე, დაახლოებით, 100 მლნ რუბლი (დღევანდელი კურსით: 1 337 579 დოლარი) გადარიცხეს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 5325%-ით მეტია. ამის შესახებ ფრილანსერებთან ანგარიშსწორების სერვის Solar Staff-ის კვლევის ანგარიშში წერია, რასაც რუსული Forbes-ი ავრცელებს.
კველვის თანახმად, 2022 წელს მთლიანობაში არარუსულ ბარათებზე გადარიცხვების მოცულობა 6,8-ჯერ გაიზარდა იმ რუსი ფრილანსერების მხრიდან, რომლებიც 2021 და 2022 წლებში Solar Staff-ის სერვისს იყენებდნენ. ამ სერვისის კლიენტებს შორის არის Ozon, Avito, Skyeng, Litres, Profi.ru და ა.შ. კომპანიამ თავის მომხმარებლებს შორის 2021 და 2022 წლების ტრანზაქციები გააანალიზა, რომლებიც პლატფორმაზე რეგისტრაციისას საცხოვრებელ ქვეყნად რუსეთს ასახელებდნენ. ასეთი მომხმარებლები 2021 წელს 89 000-ს, ხოლო 2022 წელს - 99 000-ს შეადგენდა. 2022 წელს მათ უცხოურ ბარათებზე 103 მლნ რუბლი (1 377 600 დოლარი) გაიტანეს, მაშინ, როცა 2021 წელს ეს თანხა 15 მლნ რუბლს (200 541 დოლარს) შეადგენდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის ახალი მომხმარებლების გათვალისწინებით, გადარიცხვების მოცულობა უფრო მეტად, ანუ წელიწადში 16-ჯერ გაიზარდა. საერთო ჯამში, 2021 წელს, სერვისის ყველა რუსმა მომხმარებელმა უცხოურ ბარათებზე 27,2 მლნ რუბლი (363 815 დოლარი), 2022 წელს კი 434,7 მლნ რუბლი (5 815 858 დოლარი) გაიტანა.
საქართველოს შემდეგ პოპულარობით მეორე ადგილზე ყაზახეთია, სადაც 2022 წელს 46,3 მლნ რუბლი (619 580 დოლარი) იქნა გატანილი, მაშინ, როცა 2021 წელს ეს მოცულობა 1,3 მლნ რუბლს (17 397 დოლარს) შეადგენდა. სომხეთში 2022 წელს ფრილანსერებმა რუსეთიდან 43,3 მლნ რუბლი (579 518 დოლარი) გადარიცხეს, რაც 2021 წელს მხოლოდ 1,5 მლნ რუბლს (20 075 დოლარს) შეადგენდა. მეოთხე ადგილზე თურქეთი, ხოლო მეხუთეზე უზბეკეთია.
Solar Staff-ის კვევაში ნათქვამია, რომ უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხვების მოცულობის მკვეთრი ზრდა 2022 წლის მარტში, ანუ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ დაიწყო. სერვისმა გაარკვია, რომ უცხო ქვეყნებში ფულის უმეტესი ნაწილი რუს პროგრამისტებს, ვებმასტერებს, პროექტის მენეჯერებს, ბლოგერებსა და მარკეტინგის მენეჯერებს გაჰქონდათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.