Jump to content
Planeta.Ge

სახელმწიფო დეპარტამენტი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე - ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია - ის ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონს


ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ჩვენ ეს ღრმა შეშფოთება პირდაპირ გამოვუცხადეთ ჩვენს თანამოსაუბრეებს საქართველოს მთავრობაში. შემოთავაზებული კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოში დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ერთგულები არიან საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ამგვარმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი არ ეფუძნება რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას.

„განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს კანონპროექტი ეფუძნება FARA-ს, აშკარად მცდარია. ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას და არა FARA-ს ან რომელიმე სხვა ამერიკულ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული პროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთან, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...