საია-ს თავმჯდომარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ამ თემაზე განხილვის დაწყებაც კი საფრთხეა - ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ვასრულებთ
ამ კანონპროექტის დაინიცირება და, ამაზე მსჯელობის დაწყება არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ვასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოსთვის აღნიშნული კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი, საფრთხე და უკან გადადგმული ნაბიჯია.
„ეს თემა, რომელიც დაანონსდა რომ განხორციელდება, ნამდვილად საყურადღებო და შემაშფოთებელია რამდენიმე გარემოების გამო. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია როდის ხდება ეს, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა საქართველო და რას ელოდება წელს. წელს საქართველო ელოდება შეფასებას, გახდება თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და თუ საქართველოს რეალურად აქვს სურვილი, რომ ის გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მისი ნაწილი. ბუნებრივია, რომ კანონმდებლობა, რომელიც ამ ოჯახისაგან აშორებს მას, ასეთი კანონმდებლობით საქართველო ვერ გახდება ამ სივრცის წევრი და მონაწილე. ეს დრო, როდესაც ამაზე საუბარი იწყება, ძალიან ემთხვევა დროს, როდესაც უნდა მოხდეს შეფასება საქართველოს მიერ 12 პუნქტთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების და ამ სიტუაციაში, ამ კანონპროექტის დაინცირება ცხადია, რომ ამ რეკომენდაციებს არ ასრულებს. ამ კანონპროექტის დაინიცირება და ამაზე მსჯელობის დაწყება არის პირდაპირი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ვასრულებთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მაშინ საქართველოს არ აქვს სურვილი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს? შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა სწორედ ასე აღიქვან და ეს საქართველოსთვის იქნება იმ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელიც ჯერ კიდევ აქვს იმისთვის, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. ეს პირიქით, უკან გადადგმული ნაბიჯია და ცხადია, არის ძალიან მწვავე სიგნალი და გამოწვევა ჩვენი პარტნიორებისთვისაც, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებისთვისაც საქართველოში, რომ ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამ კანონპროექტის განხილვის დაწყებაც კი არის საფრთხე“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებას გეგმავს. „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული პროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთან, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.