Jump to content
Planeta.Ge

ზურაბ აზარაშვილი - რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები, იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს


რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ინფექციური საავადმყოფოს რემონტი რამდენიმე თვეში დასრულდება, სადაც განთავსდება როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ინფექციური განყოფილებები.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა, თუ სად და რა კონცეფციის უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლის შემადგენლობაშიც ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილებაც იქნება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება, აქედან გამომდინარე, რამდენიმე რეფორმა დავიწყეთ. 2025 წლიდან საქართველოში მოქმედი ყველა კლინიკა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებშია ჩართული, საერთაშორისო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. თბილისში არსებული ჩვენი ორი კლინიკა - რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პრობლემის გამო.

ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შემთხვევაში, ახალ ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც რამდენიმე წლის წინ იქნა შეძენილი, აქტიურად ვარემონტებთ. აქ იქნება როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური. ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გუნდი მთლიანად გადავა ახალ კლინიკაში. ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე თვეში დასრულდება.

რესპუბლიკურ საავადმყოფოს რაც შეეხება, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ თბილისში გვქონდეს იმ თანამედროვე სტანდარტების კლინიკა, რაც 2025 წლისთვის შემოვიტანეთ. თბილისს ექნება სახელმწიფო კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე და დააკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტსა და გამოწვევას, რაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ხარისხიანი ჯანდაცვისთვის. აქტიურად მიდის კონცეფციაზე მუშაობა, რასაც, ვფიქრობ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება დააჩქარა იმან, რომ მოგეხსენებათ, წინა წელს დავიწყეთ საუბარი ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებაზე, რაც ქვეყანაში არ გვაქვს და ბავშვთა ონკოლოგია სწორედ ამ კლინიკის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. საბოლოოდ, ძალიან მალე წარმოგიდგენთ, სად და რა კონცეფციის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა გვქონდეს და ბავშვთა ონკოლოგიაც იქვე იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობ, პროექტს საშუალოდ 2-2.5 წელი დასჭირდება. საბოლოდ მივიღებთ მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ კლინიკას, რომელიც აუცილებელია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობდეს“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...