Jump to content
Planeta.Ge

„რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული“


„რამდენ ბალზეა გათვლილი თბილისი, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა მოთხოვნების შესაბამისად არის შენობები აშენებული,“ - ამის შესახებ სამართლის დოქტორმა, სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში სეისმომედეგობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მთელ რიგ განახლებებს და დახვეწას საჭიროებს.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 2009 წელს დამტკიცებული ბრძანება, რომელიც საქართველოს ყოფს კატეგორიებად/ზონებად, რომელ ტერიტორიაზე რამდენ ბალიან მიწისძვრაზე გათვლილი შენობები უნდა შენდებოდეს. ძირითადად 8 ბალი არის ჩამოყალიბებული, თუმცა კანონმდებლობა აღარაფერს ამბობს, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მშენებლობის პროცესში, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს ან უკვე დასრულებულ შენობა-ნაგებობებზე გადაკონტროლება, ნამდვილად იქნა თუ არა სეისმომედეგობის მოთხოვნები დაცული.

 

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის მერე სეისმომედეგობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ირიბად, მაგრამ აისახა თბილისის ახალ გენერალურ გეგმაში, სადაც გენგეგმის ჯგუფმა საკმაოდ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, თბილისის მასშტაბით გამოყო, სად გვაქვს საშიშროების ზონები, რომელიც მოიცავს მაგალითად, წყალმოვარდნის, ღვარცოფების, ქვათაცვენების და მათ შორის, სეისმურად აქტიურ ან საშიშ ტერიტორიებს. მაგრამ გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგად კი, თბილისში სეისმომედეგობის თვალსაზრისით არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში თბილისშიც ისე ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომ მხედველობაში არ მიიღება არც 2009 წლის ბრძანება, რომლითაც თბილისი 8-ბალიან ზონაშია შეყვანილი და არც ახალი გენერალური გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები.

ეს არის მხოლოდ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის აღსრულებაზეც არავის უზრუნია, თუ თავად დეველოპერებს არ ჩავთვლით, რომლებმაც საკუთარი კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე ან დაიცვეს სეისმომედეგობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ან არა, თუმცა ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან სახელმწიფო ამ პროცესში არ მონაწილეობს. სამართლებრივი ბაზა ისეა ჩამოყალიბებული, რომ სახელმწიფოს მასში მონაწილეობა არ უწევს. აქედან გამომდინარე 8 ბალზეა თბილისი გათვლილი, 7-ზე თუ რამდენზე, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, რადგან არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, უკვე განხორციელებული მშენებლობები რა მოთხოვნებთან და სტანდარტებთან არის შესაბამისობაში,“ - აღნიშნა ზაქაშვილმა.

 

 
taia-ardoteli-1633676300.png
ავტორი:
თაია არდოტელი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...